† Wami.uCoz.Com


მენიუ

მენიუ †


სტატისტიკა


სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0








მთავარი » 2012 » მაისი » 10 » რწმენა და კეთილი საქმეები
10:18 PM
რწმენა და კეთილი საქმეები



დიდი და მაცხოვნებელი საქმეა რწმენა; მის გარეშე ცხონება შეუძლებელია. მაგრამ მხოლოდ მას არ ძალუძს ცხონების მოტანა, ამისთვის მართალი ცხოვრებაც საჭიროა. (წმ. ბასილი დიდი)



ქრისტეს მართალი რწმენის გარეშე ვერც ერთი საქმე ვერ აღსრულდება ისე, როგორც საჭიროა. (წმ. ბასილი დიდი)



როგორც ცეცხლის თვისებაა გათბობა, წყლისა – მორწყვა, სინათლისა – განათება, ასევე ცოცხალი რწმენის თვისებაა – გამომჟღავნდეს კეთილ საქმეებში. (წმ. ტიხონ ზადონელი)



დოგმატები კეთილი საქმეების გარეშე არ არის ღვთისთვის სათნო; ის არც საქმეებს მიიღებს, თუკი ისინი მართლმორწმუნეობის დოგმატებზე არ არის დაფუძნებული. რა სარგებელია, კარგად იცოდე სწავლება ღმერთზე და სამარცხვინოდ მრუშობდე? მეორე მხრივ, რა სარგებელია, თავშეკავებული იყო, როგორც საჭიროა, და უსჯულოდ ჰგმობდე ღმერთს? ამიტომ, დოგმატების შეცნობა და სულის სიფხიზლე უდიდესი შენაძენია. (წმ. კირილე იერუსალიმელი)



„პატრიარქ აბრაამის საქმეს რომ აქებს, წმიდა იაკობი მის რწმენისმიერ საქმეს აქებს – ღვთის ბრძანებით შვილის მსხვერპლად შეწირვას; საქმე – პირდაპირ საწინააღმდეგო ადამიანის დაცემული ბუნების მიერი კეთილი საქმეებისა. ძალა ამ საქმის შესასრულებლად მისცა რწმენამ, ხოლო საქმემ რწმენის ძალა გამოხატა. ასე აიხსნება აბრაამის მოქმედების არსი, ორი მოციქულის – იაკობის და პავლეს მიერ განმარტებული. ისინი, ვინც დიდად აფასებენ მათ მიერ კეთილად წოდებულ დაცემული ბუნების საქმეებს, ბრმები არიან; ამ საქმეებს თავისი შექება, თავისი ფასი გააჩნიათ დროში და კაცთა შორის, და არა ღვთის წინაშე, რომლის წინაშეც „ყოველთავე მიაქციეს ერთბამად და უხმარ იქმნნეს" (რომ. 3,12).

დაცემული ბუნების კეთილ საქმეებზე დაიმედებულებს არ შეუცვნიათ ქრისტე, არ შეუგნიათ გამოხსნის საიდუმლო, გახვეულან საკუთარი ცრუბრძნობის ქსელში, აღუძრავთ თავიანთი ნახევრადმკვდარი და მერყევი რწმენის წინაშე კითხვა: ნუთუ ღმერთი ისე უსამართლოა, რომ კერპთმსახურებისა და მწვალებლების მიერ აღსრულებულ კეთილ საქმეებს არ დააჯილდოებს საუკუნო ცხონებით?" საკუთარი განსჯის შემცდარობა და უსუსურობა ამ მსაჯულთ ღვთის სამსჯავროზე გადააქვთ.

თუკი გულისმიერი გრძნობებით აღსრულებული კეთილი საქმეები ცხონებას მოიტანდნენ, მაშინ ქრისტეს მოსვლა ზედმეტი იქნებოდა, აღარ იქნებოდა საჭირო ღმერთკაცის ტანჯვითა და ჯვარზე სიკვდილით კაცობრიობის გამოხსნა, აღარც სახარების მცნებები იქნებოდა საჭირო. აშკარაა, რომ ისინი, ვინც შესაძლებლად ცნობენ ცხონებას მხოლოდ კეთილი საქმეებით, რომლებიც დაცემული ბუნების მიერ აღესრულება, – აუქმებენ ქრისტეს მნიშვნელობას, უარყოფენ ქრისტეს". (წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი)



„მართალია უცნაურად ჩანს, მაგრამ ჭეშმარიტებაა: კერძოდ, თუკი ვინმე მეტად კარგ და კეთილშობილურ საქმეს აღასრულებს, მაგრამ შრომის, საშიშროებისა და ტანჯვის გარეშე, ის ვერ მიიღებს დიდ ჯილდოს. „კაცად-კაცადმან თვისი სასყიდელი მიიღოს თვისისაებრ შრომისა" (1 კორ. 3,8), არა კეთილი ნამოქმედარის შესაბამისად, არამედ მის მიერ გადატანილი სიმძიმის შესაბამისად...

არაფერი აქცევს ადამიანებს ისე დიდებულებად და საკვირველებად, ისე არაფერი აღავსებს ურიცხვ სიკეთეებს, როგორც მრავალი განსაცდელი, საშიშროება, შრომა, მწუხარებები, ურვა, მუდმივი საფრთხეები, იმათგანაც კი, ვისგანაც არანაირად არ იყო ეს მოსალოდნელი, მით უმეტეს, როდესაც ეს ყველაფერი სიმშვიდით იქნება გადატანილი". (წმ. იოანე ოქროპირი)



ბოროტება ბოროროტებას ვერ მოსპობს. თუკი ვინმე ბოროტებას გიკეთებს, შენ მას სიკეთე გაუკეთე, რომ კეთილი საქმით მოსპო სიბოროტე. (წმ. პიმენ დიდი)



„ვინც ფიქრობს რაიმე სიკეთის გაკეთებას საკუთარი ნებით და არ ეკითხება მოძღვრებს, ის არ მისდევს სჯულს და არაფერი გაუკეთებია სჯულისმიერი. ხოლო ვინც მოქმედებს შეკითხვით, ის ასრულებს სჯულსა და წინასწარმეტყველებს; რამეთუ შეკითხვა სიმდაბლის ნიშანია და ასეთი კაცი ბაძავს ქრისტეს, რომელმაც დაიმდაბლა თავი თვისი და ხატი მონისა მიიღო (ფილიპ. 2,7-8). რჩევის გარეშე მცხოვრები კაცი თავის მტერია, რამეთუ წმიდა წერილი ამბობს: „ყოველივეს რჩევით იქმოდეთ" (ზირაქ. 32,21); და იოანე მოკლე ამბობს: „თუ დაინახავ თავისი ნებით ზეცად აღმავალ კაცს, დაიჭირე ფეხით და ძირს ჩამოაგდე". უმჯობესია სიმდაბლით შეკითხვა, ვიდრე საკუთარი ნებით სვლა, რადგან იმას, ვისაც ეკითხებიან, თვით უფალი ასწავლის შემკითხველის სიმდაბლისა და მართალი გულის გამო". (წმ. ბარსანუფი დიდი)



ჭეშმარიტი სიკეთე არის საკუთარი თავის დამარცხება; იმის მონდომება, რაც ღვთის ნებაა და არა იმისი, რაც ჩვენს ხრწნად ბუნებას სურს; საკუთარი ნების დამორჩილება ღვთის ნებისადმი, და დამარცხება სიკეთით ბოროტებისა, სიმდაბლით – სიამაყისა, სიმშვიდითა და მოთმინებით – მრისხანებისა, სიყვარულით – სიძულვილისა. ეს არის ქრისტიანული გამარჯვება, უფრო დიდებული, ვიდრე ხალხებზე გამარჯვება. ამას ითხოვს ღმერთი ჩვენგან: „ნუ იძლევი ბოროტისაგან, არამედ სძლე კეთილითა მით ბოროტსა მას" (რომ. 12,21) (წმ. ტიხონ ზადონელი)



იესოს მსახური აქაც დაჯილდოვებულია, რამეთუ ჭეშმარიტი სიკეთე თავისთავად ჯილდოა. სადაც ჭეშმარიტი სიკეთეა, იქ სიყვარულიცაა; სადაც სიყვარულია, იქ კეთილი და მშვიდი სინდისია; სადაც სინდისი მშვიდია, იქ მშვიდობა და განსვენებაა; სადაც მშვიდობა და განსვენებაა, იქ ნუგეშისცემა და სიხარულია. (წმ. ტიხონ ზადონელი)



რამდენიც გინდა იშრომო, რამდენიც გინდა ეცადო – არ ჩათვალო კეთილი საქმე შენეულად, რადგან, ზეგარდამო შეწევნა რომ არ მიგეღო, მთელი შენი შრომა ამაო იქნებოდა. (წმ. იოანე ოქროპირი)



რა სარგებელი აქვს კაცს გუშინდელი სიმაძღრისაგან, თუკი დღეს მშიერია? ასევე სულს არ არგებს გუშინდელი კეთილი საქმე, თუკი დღეს სიმართლის აღსრულება მიუტოვებია. (წმ. ბასილი დიდი)



ცოცხლები მკვდრებისგან მხოლოდ იმით არ განსხვავდებიან, რომ მზეს შესცქერიან და ჰაერს სუნთქავენ, არამედ იმით, რომ რაღაც სიკეთეს აღასრულებენ. თუკი ამას არ აკეთებენ, მაშ არაფრით არიან მკვდრებზე უმჯობესნი. (წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი)



ყველაფერი ჩაივლის, ძმებო, მხოლოდ ჩვენი საქმეები იქნებიან ჩვენი გამცილებლები. ამიტომაც, მოიმზადეთ საგზალი მოგზაურობისთვის, რომელსაც ვერავინ გაექცევა. (წმ. ეფრემ ასური)



ვინც ღვთისათვის სათნო საქმეს აღასრულებს, მას აუცილებლად ეწევა განსაცდელი. რამეთუ ყველა კეთილ საქმეს ან წინ უძღვის, ან შემდგომ მოყვება განსაცდელი; ის, რაც ღვთისათვის კეთდება, ვერ იქნება მტკიცე, თუკი განსაცდელით არ იქნა გამოცდილი. (ღირსი აბბა დოროთე)



რაც მეტ სიკეთეს აღასრულებს კაცი, მით მეტი ადამიანი შეურაცხყოფს მას; რადგან აღდგება მის წინააღმდეგ მრავალი ბოროტი სული და უკეთური ადამიანი. (ღირსი ნილოს სინელი)



უმჯობესია სიკეთეში ვიღვაწოთ და მოვითმინოთ განკითხვა იმათგან, ვისაც არ სურს, რომ ვინმე სრულყოფილებისკენ მიემართებოდეს, ვიდრე შევიყვაროთ სიბილწე და დავიმსახუროთ იმათი ტაშისცემა, ვისაც საქმეების სწორი განსჯა არ შეუძენია. (ღირსი ისიდორე პელუსიელი)



ქრისტიანი მოძულებულია სოფლისგან, სამაგიეროდ ღვთისგანაა შეყვარებული. (წმ. იოანე ოქროპირი)



შენიანებსაც და უცხოებსაც სიკეთე გაუკეთე, როგორც შეგიძლია, კეთილსაც და ბოროტსაც კეთილი სიტყვა უთხარი. (წმ. ეფრემ ასური)



ერთნი ფულს აგროვებენ, ხოლო შენ ლოცვები და მოწყალებანი დააგროვე. (წმ. მაკარი დიდი)



ნებისმიერი სიტყვა, რომელიც საქმეებს არ ეყრდნობა, ყურებს იქით ვერ მიდის; ხოლო როდესაც სიტყვა საქმეს უერთდება, მაშინ მაცოცხლებელია, გულამდე აღწევს. (წმ. ისიდორე პელუსიელი)



„ეგრეთ ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაჲთა იხილნენ საქმენი თქუენნი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცათასა" (მათე 5,16), უთხრა უფალმა თავის მოწაფეებს, ამასთანავე ამცნო ყოველი სიკეთის ფარულად აღსრულება და წინასწარ აუწყა, რომ მოძულებულნი და გაკიცხულნი იქნებიან კაცთაგან (მათე 6,1-19). მაშ როგორღა აღვასრულოთ უფლის ეს მცნება, თუკი ჩვენს კეთილ საქმეებს ფარულად უნდა ვიქმოდეთ? – მისი აღსრულების საშუალებას მაშინ მოვიპოვებთ, როდესაც საკუთარი დიდების ძებნას განვეშორებით, როდესაც განვეშორებით იმ ვითომ კეთილი მოქმედებებისგან, რომლებიც ჩვენი დაცემული ბუნებისაგან, ჩვენგან მომდინარეობს, და ვიმოქმედებთ ღვთის სადიდებლად, სახარებიდან გამომდინარე. (წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი)



„ადამიანი ვერასოდეს იქნება ჭეშმარიტად კეთილი, როგორც არ უნდა მოისურვოს ეს, თუკი მასში ღმერთი არ დაემკვიდრება, რამეთუ „არავინ არს სახიერი, გარნა მხოლოჲ ღმერთი" (მათე 19,17). (წმიდა ანტონი დიდი)
კატეგორია: მრწამსი | ნანახია: 1608 | დაამატა: თორნიკე | ტეგები: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0









© 2024 WWW.WAMI.UCOZ.COM |
საიტი შექმნილია uCoz სისტემაში

shegivwyalen upalo agsdga qriste mociqulta tavno აღავსე ილია მეორე - მამაო Marradi - წმ -- Dreams აღმაშენებელის - This big Giovanni Marradi - This little big Little love Giovanni - Amor amor Maradi ლოცვა - Melanxolia - წმ ილია ტროპარი - წმ ნინოს Richard დღეს Nostalgia Clayderman - Time Goodbye Richard Clayderman - Time To Say Go SaY To - Passion - ღვთისმშობელო RICHARD CLAYDERMAN - Passion for time us ილია მეორე - კურთხეულ - A golden Golden_melody-A_time_for_us melody - მოციქულთა - გვირგვინი წმიდა - სიყვარულისათვის ასური !!! წმინდა ბარბარეს ბარბარობას gilocavT natligebas - აღსარება ანტონ პატრიარქის ? ratom aris mamakacis qali არის (შუშანია) ალექსი ახალ არასწორი არასწორი ხალხური გამოთქმები და წარმ ბარბარე დიდმოწამე განმარტება - ალილუია - ამინ - კოსმეტიკა ბერი პაისი - კოსმეტიკა ლაქაა ღვთის - საკუთარი ბრიანჩანინოვი ბერი პაისი - ბავშვებს ათონელი - ანტიფონი შესახებ - საქართველოს გაბრიელი ბაბილონი (შესაძლებელია თუ არა ქვიშით ნათლობა ადამიანების აღსარება 23 23 ივნისი ცხოვრება 17 17 წლის ბერი ანდრიას ცხოვრება ანდრიას გილოცავთ