ალილუია – (ებრ. "აქებდით ღმერთს"). ეს არის მოკლე და მრავლისმეტყველი მოწოდება მორწმუნეებისადმი ღმერთის განდიდებისა და ქებისაკენ. ძვ. აღთქმაში ებრაელებს ფსალმუნთა წიგნში მრავალი საგალობელი ჰქონდათ, რომელიც ამ სათაურით იწყებოდა: ფსალმ. 104, 105, 106, 110, 111, 112, 113, 114, 115, 116, 117, 118, 134, 135, 146, 147, 148, 149, 150. ხოლო 113 – 118 ფსალმუნებს ებრაელები დიდ ალილუიას უწოდებდნენ, რადგან ისინი იგალობებოდა დიდ დღესასწაულებში, როგორიც იყო პასექისა და კარვობის დღესასწაულები. საგალობელი ალილუია ახალ აღთქმაშიც გვხვდება: წმინდანები, რომლებიც ზეცაში იმყოფებიან, უფლის საყდრის გარშემო, დაუდუმებელად უგალობენ ღმერთს ამ საგალობელს (გამოცხ. 19, 1-4). მართლმადიდებლურ ღმრთისმსახურებაში ალილუია ხშირად წარმოითქმება მსგავსად ზეცაში წმინდანების დაუდუმებელი გალობისა. იგი აგრეთვე სრულდება პანაშვიდზე და მიცვალებულის წესის აგებისას. ამ დროს ღმერთის საქებარი უნდა იგალობებოდეს იმიტომ, რომ ქრისტიანის სიკვდილი არ არის მწუხარებისა და სასოწარკვეთილების მიზეზი – მართლმორწმუნე და მონანული ქრისტიანისათვის სიკვდილი არის გარდაცვალება, გადასვლა უკეთეს სამყაროში.