სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|
|
მთავარი » 2010 » ივნისი » 9 » საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორია
8:01 PM საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორია |
კავკასიაში, შავი და კასპიის ზღვებს შორის მდებარეობს უძველესი ისტორიის და კულტურის ქვეყანა საქართველო. იგი ამავე დროს მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული სახელმწიფოა. მაცხოვრის მოძღვრებას ქართველი ხალხი ეზიარა I საუკუნეში წილისყრით, რომელსაც უნდა გაერკვია, ქრისტეს სჯულს რომელი მოციქული სად და რა ქვეყანაში იქადაგებდა, საქართველო წილად ხვდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს. ამიტომ ითვლება საქართველო ღვთისმშობლის წილხვდომილ ქვეყნად და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი საქართველოს მფარველად. მაცხოვრის ნებით ღვთისმშობელი იერუსალიმს დარჩა, საქართველოში კი გაემგზავრა წმ. ანდრია პირველწოდებული, რომელსაც ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა თავისი ხელთუქმნელი ხატი გამოატანა. წმიდა მოციქული ანდრია მოდიოდა იმ ქვეყანაში, რომელიც ინახავდა ძველი აღთქმის დიდ საუნჯეს _ წინასწარმეტყველ ელიას ხალენს, რომელიც აქ ნაბუქოდონოსორის მიერ დევნილმა ებრაელებმა ჩამოიტანეს, და ქრისტიანობის უდიდეს სიწმინდეს _ უფლისა და მაცხოვრის ჩვენის იესო ქრისტეს უკერავ კვართს, რომელიც მაცხოვრის ჯვარცმის მოწმე ებრაელმა ელიოზმა ჩამოიტანა ქართლის დედაქალაქ მცხეთაში, ქალაქში, სადაც თვითონ ცხოვრობდა.
მოციქულთა დროს დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე ორი ქართული სახელმწიფო არსებობდა: აღმოსავლურ ქართული _ ქართლის სამეფო და (ბერძნ. იბერია) დასავლურ ქართული _ ეგრისის სამეფო (ბერძ. კოლხიდა). მოციქულმა ანდრიამ იქადაგა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. დაბა აწყვერში (ქართლის სამეფო), ქადაგებისა და ხალხის მოქცევის შემდეგ მან აქ დატოვა ღვთისმშობლის ხატი, რომელიც შემდეგში საუკუნეების განმავლობაში ესვენა აწყვერის (აწყურის) საკათედრო ტაძარში.
დასავლეთ საქართველოში მოციქულ ანდრიასთან ერთად ქრისტეს მოძღვრებას ქადაგებდა მოციქული სვიმონ კანანელი, რომელიც აქვე სოფ. კომანშია დაკრძალული. ქართულმა მიწამ მიიბარა კიდევ ერთი მოციქული წმ. მატათა; იგი სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში ქადაგებდა და დაკრძალულია გონიოში, დღევანდელი ბათუმის ახლოს. უძველესი ქრისტიანული წყაროები მიუთითებენ ასევე მოციქულების ბართლომესა და თადეოზის ყოფნას აღმოსავლეთ საქართველოში.
წმ. მოციქულების მიმოსვლას და მათ ქადაგებას საქართველოში ადასტურებენ, როგორც ადგილობრივი, ქართული ქრონიკები, ასევე ბერძენი და ლათინი საეკლესიო ავტორები: ორიგენე (II _ III ს.ს.), დოროთე ტირელი ეპისკოპოსი (IV ს.), ეპიფანე კვიპროსელი ეპისკოპოსი (IV ს.), ნიკიტა პაფლაგონელი (IX ს.), ეკუმენი (X ს.) და სხვ.
რასაკვირველია, წმიდა მოციქულთა ქადაგებას უკვალოდ არ ჩაუვლია. საქართველოში I _ III ს.ს. ქრისტიანული თემების და ეკლესიის არსებობას ადასტურებს არქეოლოგიური მასალა. II ს. წმიდანის ირინეოს ლიონელის ნაწერებშიც ქრისტიან ხალხებს შორის მოიხსენიება იბერიელებიც, ე. ი. ქართველები.
სახელმწიფო სარწმუნოებად კი ქრისტიანობა ქართლში (იბერიაში) გამოცხადდა IV ს-ში. ქართველი ერის ისტორიაში ეს უდიდესი მნიშვნელობის მოვლენა დაკავშირებულია მოციქულთასწორის, ქართველთა განმანათლებლის, წმიდა ნინოს, წმ. მეფე მირიანის და წმ. დედოფალ ნანას სახელებთან.
წარმოშობით კაბადოკიელი, წმიდა გიორგის ახლო ნათესავი, წმიდა ნინო იერუსალიმიდან მოვიდა ქართლში, რათა ღვთისმშობლის ნება აღესრულებინა და (რაც მათ გამოცხადებით ეუწყა) წმიდა მოციქულთა შემდეგ, კიდევ ერთხელ ექადაგა და განემტკიცებინა ქრისტიანობა ამ მხარეში. წმიდა ნინოს მადლითა და სიტყვის ძალით ქრისტიანობა მიიღო ჯერ ქართლის დედოფალმა ნანამ, ხოლო შემდეგ _ მეფე მირიანმა. მეფე მირიანის თხოვნით იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა მეფის, მისი ოჯახის და ერის ნათლისღებისათვის ქართლში გამოგზავნა სასულიერო პირები, ეპისკოპოს იოანეს მეთაურობით. სასულიერო პირთა მოსვლამდე ქართლის დედაქალაქ მცხეთაში. იქ, სადაც დამარხული იყო კვართი უფლისა, დაიწყო ეკლესიის მშენებლობა. ეს ადგილი არის და ყოველთვის იქნება ქართველი ერის სულიერი ცხოვრების ცენტრი. აქ დგას თორმეტი მოციქულის სახელზე აგებული საკათედრო საპატრიარქო ტაძარი _ სვეტიცხოველი.
ქართლის სამეფოს ოფიციალური გაქრისტიანების შემდეგ იმპერატორმა წმ. კონსტანტინემ და წმ. ელენემ საქართველოში გამოგზავნეს წმ. ელენეს მიერ მოპოვებული ცხოველსმყოფელი ჯვრის ნაწილი და ფიცარი, რომელზეც ჯვარცმისას იდგა უფალი, აგრეთვე სამსჭვალნი (2) და მაცხოვრის ხატი.
საქართველოს ეკლესია ქართლის სამეფოში სასულიერო პირების მოსვლასა და ერის ნათლისღებას ათარიღებს 326 წლით. ამ დათარიღებას მხარს უჭერს V საუკუნის ისტორიკოსის სოზომონე სალამანელის `საეკლესიო ისტორია~, სადაც აღნიშნულია, რომ ქართველთა ოფიციალური გაქრისტიანება მოხდა ნიკეის I მსოფლიო საეკლესიო კრების (325 წ.) დამთავრების შემდეგ.
რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, აქაც ქრისტიანობის საყოველთაო გავრცელება და ეკლესიის არსებობა IV საუკუნის I ნახევარში ეჭვგარეშეა, _ რასაც ადასტურებს ბიჭვინთის ეპისკოპოსის სტრატოფილეს მონაწილეობა ნიკეის I მსოფლიო საეკლესიო კრების მუშაობაში. ამ დროიდან მოყოლებული საქართველო და მისი წმიდა ეკლესია მტკიცედ დაადგა ქრისტიანულ გზას და ყოველთვის შეურყვნელად იცავდა მართლმადიდებელ სწავლებას. VI საუკუნის ბიზანტიელი ისტორიკოსი პროკოფი კესარიელი აღნიშნავს, რომ იბერები "ქრისტიანები არიან და ამ სარწმუნოების წესებს ყველა იმათზე უკეთ იცავენ, რომელთაც ჩვენ ვიცნობთ."
ქრისტიანობის სხაელმწიფო რელიგიად გამოცხადების დროიდან (და მანამდეც), ქართველ ხალხს საუკუნეების განმავლობაში უხდებოდა თითქმის გამუდმებული ბრძოლა უცხოელი დამპყრობლების წინააღმდეგ. სპარსელების და არაბების, თურქ-სელჩუკების და ხორაზმელების, მონღოლების და თურქ-ოსმალების შემოსევათა მთავარ მიზანს ქვეყნის მოსპობასთან ერთად ქრისტიანული სარწმუნოების აღმოფხვრა შეადგენდა. ქართველმა ხალხმა უმძიმეს ბრძოლებში შესძლო სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებაც და მართლმადიდებლობის დაცვაც. საუკუნეთა მანძილზე სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა გაიგივებული იყო მართლმადიდებლობის დაცვასთან. ქრისტეს სარწმუნოებისათვის მოწამეობრივად აღესრულა უამრავი სასულიერო თუ საერო პირი.
მსოფლიო ისტორიამ არ იცის ქრისტიანობიათვის თავგანწირვის ისეთი მაგალითი, როდესაც ერთდროულად 100 000 ადამიანმა დაიდგა წამებულის გვირგვინი. საქართველოს დედაქალაქის, თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ უარი თქვა შეესრულებინა ხორეზმ-შაჰის ჯალალ ად-დინის ბრძანება _ ხიდზე პირაღმა დადებული მაცხოვრის და ღვთისმშობლის ხატები გაეთელათ და ზედ დაეფურთხებინათ. პასუხად 100 000 ქართველი ქრისტიანის _ ქალისა და კაცის, ბავშვისა და მოხუცის მოკვეთილი თავი. ეს მოხდა 1226 წელს. 1386 წელს თემურ-ლენგის ურდოებმა ამოწყვიტეს ქვაბთახევის დედათა მონასტრის მონოზვნები. 1616 წელს ირანის შაჰის აბაზ I შემოსევის დროს მოწამეობრივად აღესრულა დავით გარეჯის მონასტრის 6 000 ბერი.
საქართველოს ეკლესიის მიერ წმიდანად შერაცხულთა შორის ქვეყნის არა ერთი და ორი საერო მმრთველია, რომლებმაც პატრიოტიზმის, გმირობისა და ქრისტიანობისთვის თავდადების მაგალითი მოგვცეს. არაბ დამპყრობთა მიერ წამებული არგვეთის მთავრები დავით და კონსტანტინე მხეიძეები (VIIIს), მაფე არჩილი (VIIIს), მონღოლთა მიერ სიკვდილით დასჯილი მეფე დიმიტრი II (XIIIს), სპარსელთა მიერ მოკლული მეფე ლუარსაბ II (XVIIს) და სპარსელთა მიერვე ნაწამები დედოფალი ქეთევანი (XVIIს)- აი არასრული სია ამ წმიდანებისა.
ქრისტიანობის სახელმწიფი რელიგიად გამოცხადების დროიდან საქართველოს ეკლესია, მიუხედავად ქვეყნის ტრაგიკული ისტორიისა დიდ აღმშენებლობით და საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა. საქართველოს ტერიტორია დაფარულია უამრავი ეკლესიითა და მონასტრით. მარტო წმ. გიორგის სახელზე, რომელიც ყოველთვის განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობდა საქართველოში და ქართველთა მფარველად ითვლება, ასობით ტაძარია აგებული.
ბევრი ეკლესია და მონასტერი იქცა განათლებისა და კულტურის ცენტრად. XII ს-ის დასაწყისში საქართველოს გამაერთიანებელმა დიდმა მეფემ წმ. დავით აღმაშენებელმა დაარსა გელათის მონასტერი (ქ. ქუთაისთან ახლოს) და აქვე აკადემია, რომელიც მთელს მართლმადიდებლურ სამყაროში აღიარებული იყო ღვთისმეტყველების და საერთოდ განათლებისა და მეცნიერების კერად. ამავე პერიოდში მოქმედებდა განათლების მეორე ცნობილი ცენტრი_იყალთოს აკადემია. წმ. მეფე დავით აღმაშენებლის არის დაკავშირებული ასევე 1103 წელს რუის-ურბნისის საეკლესიო კრების მოწვევა, რომელმაც განიხილა ქვეყნისა დაეკლესიის ცხოვრების უმნიშვნელოვანესი საკითხები. დაწყებული V საუკუნიდან, როდესაც შეიქმნა I ქართული ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები (წმ. ნინოს ცხოვრება, წმიდა დედოფალი შუშანიკის წამება), ქართველმა ხალხმა შექმნა უნიკალური ქრისტიანული ლიტერატურა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ქართველთა მიერ შექმნილი ქრისტიანული ხელოვნება. საუკუნეების მანძილზე ეროვნულ ტრადიციებზე დაყრდნობით საქართველოში განვითარდა თავისთავადი საერო და სატაძრო არქიტექტურა, რომლის მრავალი ნიმუში მსოფლიო ხელოვნების საუკეთესო ძეგლებადაა აღიარებული. სატაძრო არქიტექტურასთან ერთად ბრწყინვალე განვითარებას მიაღწია მონუმენტურმა მხატვრობამ _ ფრესკამ, მოზაიკამ. ბიზანტიური მხატვრობის საერთო ევოლუციაში ორიგინალურმა ქართულმა ფრესკულმა ხელოვნებამ ღირსეული ადგილი დაემკვიდრა.
ქართველები ეკლესია_მონასტრებს აგებდნენ არა მარტო საქართველოში, არამედ ქვეყნის გარეთაც პალესტინაში, სირიაში, კვიპროსზე, საბერძნეთში, ბულგარეთში. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია ჯვრის მონასტერი იერუსალიმში (ამჟამად იერუსალიმის ბერძნული საპატრიარქოს იურისდიქციაში), წმ. იაკობისა იერუსალიმშივე (ამჟამად იერუსალიმის სომხური ეკლესიის იურისდიქციაში), ივერონი ათონის მთაზე (ამ მონასტერთან არის დაკავშირებული ივერიის ღვთისმშობლის სახელგანთქმული, საკვირველმოქმედი ხატი), პეტრიწონის (ახლანდელი ბაჩკოვოს) მონასტერი ბულგარეთში. სხვადასხვა დროს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწეობდნენ მთელი საქრისტიანოსათვის ცნობილი ქართველი ღვთისმეტყველები, ფილოსოფოსები, მწერლები და მთარგმნელები პეტრე იბერი, ეფრემ მცირე, ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელები (ათონელები), იოანე პეტრიწი და სხვ.
განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოსთვის ისევე, როგორც მთელი ქრისტიანული სამყაროსათვის ურთიერთობას წმ. მიწასთან დაკერძოდ იერუსალიმთან. ამ წმიდა ქალაქთან დაკავშირებული არაერთი სახელწოდება, ტოპონიმი თუ ონომასტიკა გვხვდება საქართველოში და განსაკუთრებით ქართლის უძველეს დედაქალაქ მცხეთაში. ქრისტიანობის პირველ საუკუნეებიდანვე ქართველი მეფე-მთავრები აშენებდნენ იერუსალიმში ეკლესია-მონასტრებს, ზრუნავდნენ დანგრეულის აღდგენაზე, სწირავდნენ უზარმაზარ ქონებას.
საქართველოსთან და მის მეფე გიორგი V არის დაკავშირებული XIV საუკუნეში მუსლიმთა ხელში მყოფი იერუსალიმის ქრისტიანული მოსახლეობის უფლებების აღდგენა. მონღოლთა უღლისაგან ქართველთა განმათავისუფლებელი და საქართველოს მთლიანობის აღმდგენი მეფე გიორგი V დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა არა მარტო საქართველოში, არამედ მუსლიმურ სამყაროში. გიორგი V თხოვნით ეგვიპტის სულთანმა გააუქმა ქრისტიანების დასამცირებლად შემოღებული წესი _ ცხენზე ორივე ფეხის ერთ მხარეზე გადადებით მჯდომარის ქალაქში შესვლა. ამიერიდან მათ უფლება მიეცათ ჩვეულებრივ მჯდარიყვნენ ცხენზე და იერუსალიმში გაშლილი დროშებით შესულიყვნენ. გიორგისვე თხოვნით ქრისტიანებს დაუბრუნდათ მამლუქების ხელში მყოფი მაცხოვრის აღდგომის ტაძარი, ხოლო ქართველებს ქრისტიანთათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ტაძრის კლიტენი. რადენიმე წლით ადრე მეფე დავით VIII დროს ქართველებს დაუბრუნდათ მამლუქების ხელში ჩავარდნილი და მეჩეთად ქცეული ჯვრის მონასტერი. იერუსალიმის ჯვრის ქართულ სავანესთან არის დაკავშირებული დიდი ქართველის პოეტის შოთა რუსთაველის (XII ს.) და ქრისტესთვის წამებული ორი ქართველი წმინდანის ლუკა იერუსალიმელის (აბაშიძის) და ნიკოლოზ დვალის სახელები.
IV საუკუნის ოციანი წლებიდან ქართლის ეკლესია ანტიოქიის სამოციქულო კათედრის იურისდიქციაში შედიოდა. V საუკუნის 60-70-_იან წლებში მეფე ვახტანგ გორგასლის დროს და მისი თხოვნით, ბიზანტიის იმპერატორისა და კონსტანტინეპოლის პატრიარქის შუამდგომლობით, ანტიოქიის საპატრიარქომ ქართლის ეკლესიას თვითმართველობა (ავტოკეფალია) მიანიჭა, ხოლო მცხეთის ეპისკოპოსი აღყვანილ იქნა კათალიკოსის პატივში. დასავლეთ საქართველოს (აფხაზეთის) ეკლესია კონსტანტინეპოლის პატრიარქს ექვემდებარებოდა. IX საუკუნეში აქაც საკათალიკოსო მმართველობა იქნა შემოღებული. XI საუკუნის დასაწყისში საქართველოს ერთიანი მონარქიის შექმნის პროცესში მცხეთის (ქართლის) კათოლიკოსი აღყვანილ იქნა პატრიარქის ხარისხში. ამ დროიდან მოყოლებული საქართველოს ეკლესიის უმაღლესი იერარქი ატარებდა მცხეთისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ტიტულს. დასავლეთ საქართველოს (აფხაზეთის ან ბიჭვინთის)კათოლიკოსი ყოველთვის აღიარებდა მცხეთელი პატრიარქის პრიმატს.
1811 წელს რუსეთის საიმპერატორო კარმა უკანონოდ გააუქმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია, მოსპო საპატრიარქო მმართველობა და საქართველოს ეკლესია საეგზარქოსოს უფლებით დაუქვემდებარა რუსეთის ეკლესიის სინოდს. 1917 წლის მარტში საქართველოს სამღვდელოებამ აღადგინა ეკლესიის ავვტოკეფალია და კვლავ შემოიღო საპატრიარქო მმართველობა. ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ პირველ კათოლიკოს-პატრიარქათ არჩეულ იქნა ცნობილი საეკლესიო მოღვაწე ეპისკოპოსი კირიონი.
1989 წელს V საუკუნიდან არსებული საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია და ოდითგანვე არსებული საპატრიარქო პატივი საქართველოს კათოლიკოსისა დაადასტურა მსოფლიო საპატრიარქომ. 1977 წლიდან დღემდე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსია უწმინდესი და უნეტარესი ილია II.
|
კატეგორია: ტაძრები და მონასტრები |
ნანახია: 1750 |
დაამატა: თორნიკე
| ტეგები:
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
|