კაცხის სვეტი, კირქვის სვეტისებრი დენუდაციური „მოწმე" — შთენილი კლდე მდებარეობს ჭიათურის რაიონის ტერიტორიაზე, მდინარეების კაცხურისა (ყვირილის მარჯვენა შენაკადი) და ღვითორის (ბუჯის მარცხენა შენაკადი) წყალგამყოფზე. სიმაღლე 40 მეტრია. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ კაცხის სვეტი თავდაპირველად მონოფიზიტ განდეგილთა სამყოფელს წარმოადგენდა, თუმცა ეს მოსაზრება საყოველთაოდ არაა გაზიარებული, სათანადო არგუმენტაციის არქონის გამო. სვეტის ზედა ბაქანზე დგას ორი მცირე ზომის ეკლესია (დღეისათვის ისინი ნანგრევების სახითაა შემორჩენილი). ასეთ ადგილებში სამლოცველოების აგებას მკვლევრები უკავშირებენ მესვეტეობას, რომელიც VI საუკუნეში გავრცელებული იყო ქინა აზიასა და, უპირველეს ყოვლისა, სირიაში, რომელთანაც ქრისტიანულ საქართველოს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა. ერთი ეკლესია (V ს.) მშრალადაა ნაშენი ადგილობრივად მოპოვებული უხეშად დამუშავებული ქვით, აფსიდი კლდეშია გამოკვეთილი. მეორე (VI ს.) ნაგებია ქვემოდან აზიდული კარგად გათლილი კვადრებით, აქვს კრიპტა (ქვედა სართული - სამარხი). არავინ იცის ზუსტად როდის შეწყდა რელიგიური ცხოვრება კაცხის სვეტზე, მაგრამ ვახუშტი ბატონიშვილის დროს აქ ბერები აღარ მოღვაწეობდნენ. კაცხის სვეტის არქიტექტურული ძეგლები 1944 წელს ალექსანდრე ჯაფარიძის ხელმძღვანელობით მთასვლელთა ჯგუფმა ინახულა. დღეისათვის კაცხის სვეტზე ასვლა ალპინისტური აღჭურვილობის გარეშე შეუძლებელია, თუმცა უკვე მიმდინარეობს ასასვლელის მშენებლობა, რაც უახლოეს მომავალში ნებისმიერ მსურველს მისცემს საშუალებას უფრო ახლოს გაეცნოს ამ იდუმალ ისტორიულ ძეგლს.
დღეისათვის კაცხის სვეტზე ასვლა ხელმისაწვდომია ყველასათვის, აგრეთვე აღდგენილია სვეტის ძირში და თავზე არსებული სამლოცველო რაც სვეტზე ამჟამად მოღვაწე ძმა მაქსიმეს ძალიან დიდი დამსახურებაა.(ნ. მოდებაძე)