მთავარი » 2012»ივნისი»29 » ბერი პაისი ათონელი - ბავშვებს ეკლესიას განაშორებენ
11:11 AM
ბერი პაისი ათონელი - ბავშვებს ეკლესიას განაშორებენ
როდესაც პატარა ვიყავი, როგორ მეხმარებოდა ეკლესიაში სიარული! დაწყებით კლასებში ძალიან კარგი მასწავლებელი გვყავდა. ისიც გვეხმარებოდა, ჩვენთან ერთად ბერძნულ, ნაციონალურ სიმღერებსა და საეკლესიო გალობას სწავლობდა. კვირაობით ეკლესიაში ვგალობდით „მეოხებითა ღმრთისმშობელისათა...", „წმიდაო ღმერთოს...", ქერუბიმთა საგალობელს.
- გოგონებიც გალობდნენ?
- დიახ, ყველა ერთად ვგალობდით. ადრე ეკლესია სკოლის გვერდით იყო და ჩვენ მის გარშემო, ეკლესიის ეზოში ვთამაშობდით. დღესასწაულებზე მასწავლებლებს ეკლესიაში დავყავდით - გაკვეთილების დროსაც კი. მასწავლებელი ამჯობინებდა მოსწავლეებს სასწავლო საათი გამოეტოვებინათ და ეკლესიაში ელოცათ. ამგვარად, ბავშვები სწავლობდნენ, ნათლდებოდნენ, კრავებივით იყვნენ. ერთი ჩვენი პედაგოგი ებრაელი იყო, მაგრამ იგი საღვთო სჯულს არ გვასწავლიდა. საღვთო სჯულის სასწავლებლად სხვა მასწავლებელი მოდიოდა, მაგრამ თვით ებრაელი მასწავლებელიც კი ეკლესიამდე მიგვაცილებდა ხოლმე. მერე კი ბავშვები მორჩილებითა და წყნარად თვითონ ვიდექით მსახურებაზე.
დღეს კი ბავშვებს ეკლესიას განაშორებენ, მე ვხედავ, როგორ გასასტიკდნენ ისინი. ეკლესიაში ხომ ისინი წყნარი, კეთილი ბავშვები ხდებიან, იმიტომ, რომ ეკლესიაში ბავშვი საღძრთო მადლს იღებს, განიწმინდება. დღეს ბავშვებს ეკლესიაში სიარულის ნებას არ აძლევენ, რომ ისინი „სულიერი ზეგავლენის ქვეშ არ მოექცნენ". მაგრამ ამასთან ყოველგვარი სისულელისგან მათ არავინ იცავს. და არა მარტო არ იცავენ, პირიქით, ასწავლიან კიდეც ათასგვარ მონაჩმახს. განა მათთვის გაუგებარია, რომ „სულიერი ზეგავლენის" ქვეშ მოქცეული ბავშვები, ბოლოს და ბოლოს, უწესოდ მაინც არ მოიქცევიან, კეთილგონიერნი გახდებიან. აღარ იქნებიან ასეთი მოწამლულები, ახლა რომ არიან. ხოლო, როდესაც ეს ეკლესიური ბავშვები გაიზრდებიან, თავისი სამშობლოს ნამდვილი მოქალაქეები იქნებიან. ისინი ცუდ საზოგადოებაში არ მოხვდებიან, ნარკოტიკებს არ მიიღებენ და უმაქნის ადამიანებად არ ჩამოყალიბდებიან. განა ყველაფერი - ზემოთჩამოთვლილი საკმარისი პირობა არ არის იმისათვის, რომ ისინი წესიერი ადამიანები გაიზრდებიან? ნუთუ ისინი, ვინც მათ ეკლესიას განაშორებს, უარყოფს ამას? ნუთუ მათთვის ეს სულ ერთია?
მაგრამ დღეს მათი მიზანია - ბავშვები ეკლესიას დააშორონ. მათ წამლავენ, ათასგვარი თეორიებით ასნებოვნებენ, ართმევენ რწმენას. სიკეთის ყველა გზას უღობავენ, რომ უმაქნისებად აქციონ. მათ უმცირესი ასაკიდანვე ანადგურებენ. ბუნებრივია, რომ კრავებიდან ბავშვები ახალგაზრდა თხებად გადაიქცნენ. შემდეგ უკვე თავიანთი გამოხდომებით აგიჟებენ მშობლებს, მასწავლებლებს, მათ, ვინც ამ მდგომარეობამდე მიიყვანა ისინი. ბავშვები თავდაღმა აბრუნებენ ყველაფერს, მიტინგებს აწყობენ, იპყრობენ სკოლებს, უარს ამბობენ გაკვეთილებზე. მაგრამ ბოლოს და ბოლოს, ისინიც მოეგებიან გონს, ვინც ბავშვებს ამგვარი საქციელისკენ უბიძგებენ, ეს მაშინ მოხდება, როდესაც მათ მიერ გარყვნილი ბავშვები, თავიანთ ბოროტ მასწავლებლებს მუცლებს გამოფატრავენ.