წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი - საკუთარი ცოდვის ხედვა - 15 ივნისში 2012 - - † წამი: წარსული. აწმყო. მომავალი. იმედი!
† Wami.uCoz.Com


მენიუ

ხმის მიცემა
დადიხართ წირვა ლოცვაზე?
სულ პასუხი: 40

მენიუ †


სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0








მთავარი » 2012 » ივნისი » 15 » წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი - საკუთარი ცოდვის ხედვა
12:45 PM
წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი - საკუთარი ცოდვის ხედვა


ის საშინელი ჟამიც მოვა, დადგება ის საშინელი წამიც, როცა ყველა ჩვენი ცოდვა შიშველი წარსდგება მსაჯულის – ღმერთის, მის ანგელოზთა, მთელი კაცობრიობის წინაშე. წინასწარ ვგრძნობ ჩემი სულის მდგომარეობას იმ მრისხანე ჟამს და ვძრწი. ასეთი ცოცხალი და მძლავრი წინათგრძნობით შეპყრობილი, ვჩქარობ შევუდგე საკუთარი სულის განხილვას, შევამოწმო ჩემი სინდისის წიგნში ჩაწერილი ცოდვები – საქმით, სიტყვით თუ გულისსიტყვით ქმნილი.

კარგა ხნის გადაუშლელ, კარადებში შენახულ წიგნებს მტვერი ედება, ჩრჩილი ჭამს, ვინც მათ აიღებს ხელში, წაკითხვა ერთობ გაუჭირდება. ამ წიგნს ჰგავს სწორედ ჩემი სინდისიც: დიდი ხნის ხელუხლებელს ძლივს შევუღე კარი, ხოლო რაც შიგნით ვნახე, იმან, მოლოდინის საწინააღმდეგოდ, ნაკლებად დამაკმაყოფილა. მხოლოდ დიდი ცოდვები ჩანს მკაფიოდ, წვრილი ცოდვების ნუსხა კი თითქმის წაშლილა და ახლა ძნელია გარჩევა, რა იყო იქ ჩაწერილი.

ღმერთს, მხოლოდ ღმერთს ძალუძს, ფერგადასული წარწერები აღადგინოს და იხსნას კაცი „იჭვისაგან ბოროტისა" (ებრ. 10, 22); მხოლოდ ღმერთს ძალუძს მიანიჭოს მას საკუთარ ცოდვათა ხედვა – ხედვა თავისი დაცემისა, რომელშიც არის ფესვი, თესლი, ჩანასახი, ერთობლიობა კაცთა ყველა ცოდვისა.

ღვთის მოწყალებას და მისსავე ძლიერებას მოვუხმობ შემწედ, მხურვალე ლოცვას აღვუვლენ, ამას თან ვურთავ გონივრულ მარხვას, გლოვასა და გულამოსკვნილ ტირილს, მერე კი კვლავ ვცდილობ გადავშალო სინდისის წიგნი, კვლავ ვაკვირდები ჩემს ცოდვათა რიცხვსა და ხარისხს, ვაკვირდები, რა მომიტანეს მათ.

ვხედავ: „რამეთუ უსჯულოებანი ჩემნი აღემატნეს თავსა ჩემსა და ვითარცა ტვირთი მძიმე, დამიმძიმდეს ჩემ ზედა" (ფსალმ. 37, 5). რა შედეგი მოსდევს ასეთ უსჯულოებას? „მეწინეს მე უსჯულოებანი ჩემნი და ვერ უძლე ხილვად, განმიმრავლდეს მე უფროჲს თმათა თავისა ჩემისათა და გულმან ჩემმან დამიტევა მე" (ფსალმ. 39, 13). ცოდვილი ცხოვრების შედეგებია გონების სიბრმავე, გულის გასასტიკება და უგრძნობელობა. გამოუსწორებელი ცოდვილის გონება ვერც სიკეთეს ხედავს, ვერც ბოროტებას, გული კარგავს რაიმე სულიერი განცდის უნარს. მაშინაც კი, თუ ასეთი კაცი ცოდვილ ცხოვრებას მიატოვებს და ღვთის სათნო მოღვაწეობას შეუდგება, მისი გული, თითქოს სხვისიაო, არ თანაუგრძნობს ღმერთისკენ მის მიქცევას.

როდესაც, ღვთის მადლის მოქმედებით, მოღვაწეს თავის ცოდვათა სიმრავლე დაუდგება თვალწინ, შეუძლებელია არ გაოგნდეს, ღრმა მწუხარებამ არ შეიპყროს. „გული ჩემი შეძრწუნდა" – ასეთი სანახაობით – „და დამიტევა მე ძალმან ჩემმან და ნათელი თუალთა ჩემთა, და იგიცა არა დაადგრა ჩემ თანა... თეძონი ჩემნი აღივსნეს ნაგუემთაგან" (ფსალმ. 37, 11, 8), ანუ ჩემი საქმეები შეცდომებით სავსეა ცოდვილი ჩვევის შესისხლხორცების გამო, ეს ჩვევა კი ახალ-ახალი ცოდვებისაკენ მიბიძგებს; „შეყროლდეს და დალპეს წყლულებანი ჩემნი პირისაგან უგუნურებისა ჩემისა" (ფსალმ. 37, 6), ანუ ცოდვილი ვნებები დაძველდნენ ჩემში და სასტიკად დამაზიანეს ჩემი დაუდევარი ცხოვრების გამო, „არა არს კურნებაჲ ხორცთა ჩემთა" (ფსალმ. 37 4), ანუ მხოლოდ საკუთარი მცდელობით ვერ მოვიპოვებ კურნებას ცოდვით მოწყლული და დაზიანებული მთელი ჩემი არსებისათვის.

ჩემი ცოდვების შეგნებით, მათი აღიარებით, მონანიებით ღვთის მოწყალების უფსკრულს მივანდობ მათ. იმისათვის, რომ სამომავლოდ ვუფრთხილდე ცოდვას, საკუთარ თავთან განვმარტოვდები და ვნახავ, როგორ მოქმედებს ცოდვა ჩემს წინააღმდეგ, როგორ მიახლოვდება, რას ჩამძახის.

ქურდულად მოდის, სახე დაფარული აქვს, „ლბილ იქმნნეს სიტყუანი მათნი უფროჲს ზეთისა" (ფსალმ. 54, 22), ტყუილს მეუბნება, უსჯულოებას მთავაზობს. შხამიანია მისი ბაგე, ენა მისი სასიკვდილო ნესტარია.

„დატკბი!", – ჩუმად, შეპარვით ჩამჩურჩულებს, – „რისთვისა გაქვს ტკბობა აკრძალული? განა ეს ცოდვაა?" – და ეს ბოროტი სული ყოვლად წმიდა უფლის მცნებების დარღვევას მთავაზობს.

წესით, ყურიც არ უნდა ვათხოვო მის სიტყვებს: ვიცი, რომ ქურდია და მკვლელი. მაგრამ რაღაც უცნაური უძლურება, ნების უძლურება მერევა! ვისმენ ცოდვის სიტყვებს, ვუმზერ აკრძალულ ხილს. ამაოდ მახსენებს სინდისი, რომ ამ ხილის გემოს ხილვა სიკვდილის გემოს ხილვას ნიშნავს.

თუ თვალით ვერ ვხედავ აკრძალულ ხილს, მოულოდნელად წარმოსახვა მთავაზობს მას, წარმტაც ფერებში, მომხიბლავად მიხატავს.

გული ამ მაცთური სურათისკენ მიმიწევს, მეძავს რომ წააგავს. გარეგნულად მშვენიერია, საცთურის სუნთქვა მოდის მისგან, ძვირფას, ბრწყინვალე სამოსელშია გახვეული, გულმოდგინედ ინიღბება მისი მომაკვდინებელი მოქმედება. ცოდვა მსხვერპლს გულისაგან მოელის, როდესაც ხორცს არ ძალუძს მისი შეწირვა ან ხორციელი უძლურების, ან თვით ცოდვის საგნის უქონლობის გამო.

ცოდვა მოქმედებს ჩემში ცოდვილი აზრით, ცოდვილი განცდით – გულისა თუ გონების გზით, ცოდვა მოქმედებს ხორციელი გრძნობებისა თუ წარმოსახვის მეშვეობით.

რა დასკვნამდე მივყავარ საკუთარ თავზე ამგვარ წარმოდგენას? იქამდე, რომ ჩემში, მთელ ჩემს არსებაში, ბუდობს ცოდვით დაზიანება, იგი თანაუგრძნობს და ხელს უწყობს გარედან მოსულ ცოდვას. მძიმე ბორკილებით შეკრულ ტყვეს ვგავარ: ყოველი, ვინც მოისურვებს, თავის ნებაზე ატარებს მას - ან რა წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია ხელფეხშეკრულ ტყვეს?

ცოდვამ ოდესღაც თვით სამოთხეში შეაღწია: იქ შესთავაზა ჩემს წინაპრებს აკრძალული ხილი, იქ აცთუნა ისინი, ცთუნების შემდეგ კი საუკუნო სიკვდილით მოსწყლა. და მე, მათ შთამომავალს, განუწყვეტლივ მიმეორებს იმავე წინადადებას; და მე, მათ შთამომავალს, განუწყვეტლივ მიქადის ცთუნებასა და წარწყმედას.

ადამ და ევა ცოდვით დაცემის უმალ განიდევნენ სამოთხიდან და ტანჯვის ქვეყანაში დაემკვიდრნენ (დაბ. 23-24), მე ტანჯვისა და ვაების ამ ქვეყანაში დავიბადე! მაგრამ ეს არ მამართლებს: მაცხოვარმა აქ მოიტანა სამოთხე, ჩემს გულში დანერგა. მე ჩემი ცოდვით განვდევნე სამოთხე საკუთარი გულიდან. ახლა იქ კეთილისა და ბოროტის აღრევა მეფობს, იქ არის სასტიკი ბრძოლა ბოროტებასთან, იქ უამრავი ვნება ეჯახება ერთმანეთს, იქა დგას ტანჯვა – ჯოჯოხეთის ტანჯვის წინამავალი.

ვხედავ ჩემს თავში იმის მოწმობას, რომ ადამის ძე ვარ: ბოროტისაკენ მისი მიდრეკილება მეც გადმომეცა, მაცთურის წინადადებას ვეთანხმები, თუმცა წინასწარ ვიცი, რომ სიცრუეს მთავაზობენ და მოკვლას მიპირებენ.

ამაო ცდაა საკუთარი ცოდვების წინაპრებისთვის გადაბრალება, თითქოს ისინი მათგან გადმომეცა მემკვიდრეობით: ცოდვის ტყვეობისგან მაცხოვარმა გამათავისუფლა, ახალ ცოდვებს ჩემი ნებით ჩავდივარ და არა იძულებით.

წინაპრებმა ერთხელ დაარღვიეს სამოთხეში ერთი მცნება, მე კი, ქრისტეს ეკლესიის წიაღში მყოფი, განუწყვეტლივ ვარღვევ ქრისტეს, ჩემი ღმერთისა და მაცხოვარის ყველა მცნებას.

ჩემს გულს ხან მრისხანება და ძვირისხსენება იპყრობს: წარმოვიდგენ, რომ ჩემი მტრის თავზე მახვილია აღმართული და ამ დროს გულში შურისძიება ზეიმობს; ხან აქა-იქ გაფანტული ოქროს ზოდები მელანდება, მათ კვალდაკვალ კი ბრწყინვალე დარბაზები, ბაღები, ფუფუნების საგნები, ტკბობის, ამპარტავნების დაკმაყოფილების ათასი საშუალება: ყველაფერი, რასაც ოქრო იძლევა და რის გამოც ცოდვისმოყვარე კაცი თაყვანს სცემს ამ კერპს – ყოველი ხრწნადი სურვილის ახდენის გზას. ხანდახან პატივი და დიდება მხიბლავს! ავყვები ხოლმე ადამიანებისა და ქვეყნების მართვაზე ოცნებას, გეგმებს ვაწყობ, როგორ მოვუპოვებ მათ ხრწნად სიკეთეებს, საკუთარ თავს კი – ხრწნად დიდებას!

ვნებები ედავებიან ჩემს თავს ურთიერთს, ურთიერთს გადასცემენ, შფოთსა და ღელვას მითესავენ გულში. მე კი ვერც ვხედავ ჩემს უბადრუკ ყოფას! გონებას შავი, გაუმჭვირვალი ფარდა ფარავს, გულს უგრძნობელობის მძიმე ლოდი ადევს.

გამოიღვიძებს კი ოდესმე ჩემი გონება, მოისურვებს კი, რომ სიკეთისაკენ იცვალოს გეზი? ამას წინ აღუდგება ცოდვილ ტკბობას შეჩვეული ჩემი გული, პირუტყვულ გულისთქმებს აყოლილი ჩემი ხორცი. იმის ცოდნაც კი დაკარგული მაქვს, რომ ჩემს ხორცს, საუკუნო ცხოვრებისათვის შექმნილს, ღვთაებრივი სურვილებისა და მოქმედების უნარიც შესწევს, და რომ პირუტყვული გულისთქმები მასში დაცემით შეტანილი სნეულებაა.

ჩემი არსების სხვადასხვა ნაწილები: გონება, გული და ხორცი გაყოფილნი არიან, მათ შორის თანხმობა არ არის, შუღლია ჩამოვარდნილი, და მხოლოდ ცოდვის ჩადენისას ამყარებენ წუთიერ, ღვთის წინააღმდგომ ერთობას.

ასეთი გახლავთ ჩემი მდგომარეობა! ესაა სულის სიკვდილი – მაშინ, როცა ხორცი ჯერ კიდევ ცოცხალია. მაგრამ მე კმაყოფილი ვარ ამ ჩემი მდგომარეობით! კმაყოფილი ვარ არა ჩემი სიმდაბლის, არამედ სიბრმავის გამო. სული ვერ გრძნობს, რომ მკვდარია, ისევე, როგორც ვერ გრძნობს თავის სიკვდილს სულთან გაყრილი ხორცი.

მე რომ საკუთარ სიკვდილს ვგრძნობდე, განუწყვეტელ სინანულში ვიქნებოდი, მე რომ საკუთარ სიკვდილს ვგრძნობდე, აღდგომისათვის ვიზრუნებდი!

მე კი მუდამ ამა სოფლის ზრუნვითა ვარ შეპყრობილი, ნაკლებად მაფიქრებს ჩემი სულიერი უბადრუკობა! სასტიკად განვიკითხავ სხვის სულ მცირე ცოდვასაც კი, ხოლო მე თვითონ ცოდვებით სავსე ვარ, ცოდვით ვარ დაბრმავებული, ლოთის ცოლის მსგავსად, მარილის ლოდად ვიქეცი და აღარ ძალმიძს არავითარი სულიერი წინსვლა.

სინანული ვერ მოვიპოვე, რადგან ჯერ კიდევ ვერ ვხედავ საკუთარ ცოდვას. ვერ ვხედავ მას, რადგან ჯერ კიდევ მისი მონა ვარ. ვერ დაინახავს საკუთარ ცოდვას ის, ვინც ტკბება ცოდვით, ვინც აძლევს თავს უფლებას იგემოს იგი – თუნდაც მხოლოდ გონებით და გულისსიტყვით.

საკუთარი ცოდვის ხედვა მხოლოდ მას ძალუძს, ვინც მტკიცედ, მთელი ნებისყოფის მოკრებით უარყო ყოველგვარი კავშირი ცოდვასთან, ვინც საკუთარი სახლის – გულის – კართან დგას ხმალამოწვდილი (ეს ხმალი კი არის სიტყვა ღვთისა), ვინც ამ მახვილით უკუაქცევს და ჩეხავს ცოდვას, რა სახითაც არ უნდა წარმოუდგეს იგი.

ვინც ამ დიდ საქმეს აღასრულებს, ანუ მტრად მოეკიდება ცოდვას, ძალდატანებით მოკვეთს მას გულს, გონებასა და ხორცს, იმას ღმერთი მიჰმადლის უდიდეს ნიჭს – საკუთარი ცოდვის ხედვას.

ნეტარია სული, რომელმაც იხილა მასში ჩაბუდებული ცოდვა! ნეტარია სული, რომელმაც იხილა წინაპართა დაცემა, ძველი ადამის სიძველე! საკუთარი ცოდვის ასეთი ხედვა არის სულიერი ხედვა, ღვთის მადლით სიბრმავისაგან განკურნებული გონებისმიერი ხედვა. წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია გვასწავლის, რომ მარხვითა და მუხლისდრეკით შევთხოვოთ ღმერთს საკუთარი ცოდვის ხედვა.

ნეტარია სული, ნიადაგ საღმრთო სჯულის შესწავლით დაკავებული! იქ მას შეუძლია ახალი კაცის სახე და მშვენება დაინახოს, მისი მეშვეობით გამოასწოროს თავისი ნაკლოვანებები.

ნეტარია სული, რომელმაც თავი მოაკვდინა ყოველი ცოდვილი საქმის მიმართ და ამით იყიდა სინანულის ყანა! ამ ყანაში ჰპოვებს იგი ცხონების ფასდაუდებელ საგანძურს.

თუ უკვე იყიდე სინანულის ყანა, ჩვილივით ღვთის წინაშე ტირილს შეუდექი. თუ შეგიძლია არ ითხოვო, ნურაფერს სთხოვ ღმერთს, თავი უარყავი და მის ნებას მიენდე. გაიგე, იგრძენი, რომ შენ ხარ ქმნილი, ღმერთი კი შემოქმედი. მაშ, დაუფიქრებლად დაჰყევი შემოქმედის ნებას, შესწირე ღმერთს მხოლოდ ბავშვის ტირილი, მდუმარე გული, რომელიც მზად არის, მის ნებას დაეთანხმოს და მისი ნების ბეჭედი დაიდოს.

ხოლო თუ ყრმობის ასაკის გამო არ ძალგიძს ლოცვითი მდუმარება და გლოვა, მაშინ შესწირე ღმერთს შენი მდაბალი ლოცვა, ევედრე ცოდვების შენდობას და ცოდვილი ვნებებისაგან განკურნებას – ისინი საშინელი ზნეობრივი წყლულებია, ნებსითი, ხანგრძლივი დროის მანძილზე გამეორებული ცოდვებისაგან რომ შედგება.

ნეტარია სული, რომელმაც უღირსად შერაცხა თავი ღვთის წინაშე, რომელმაც განსაჯა თავისი თავი, როგორც ცოდვილი და დაწყევლილი! ასეთი სული ცხონების გზას ადგას, ხიბლი მას არ ურევია.

და პირიქით, ვინც საკუთარ თავს მადლის მიღების ღირსად მიიჩნევს, ვინც თხოულობს და მოელის მის საიდუმლო გარდამოსვლას, ვინც ამბობს, რომ მზად არის მიიღოს, მოუსმინოს და დაინახოს ღმერთი, ის თავს იტყუებს, ამპარტავნების ციცაბო კლდის წვერზე დგას, საიდანაც ძალიან ადვილია წარწყმედის ბნელ უფსკრულში დანთქმა. იქ აღმოჩნდება ყველა, ვინც თავი აღიმაღლა ღვთის წინაშე, ვინც კადნიერად მიიჩნევს თავს ღირსეულად ღვთის წინაშე, ვინც საკუთარ თავზე მაღალი წარმოდგენისა და ხიბლის ამ მდგომარეობიდან ეუბნება ღმერთს: „ისმენს მონა შენი, იტყოდე, უფალო".

ყრმა სამოელს ესმა უფლის ხმა, რომელიც მას მოუწოდებდა, და რადგანაც თავი მასთან საუბრის ღირსად არ მიაჩნდა, მოხუცებულ მოძღვარს ჰკითხა, როგორ მოქცეულიყო. მეორედაც ესმა იგივე ხმა და კვლავ თავის მოძღვარს დაეკითხა რჩევას. მოძღვარი მიხვდა, რომ ეს იყო ხმა უფლისა და უბრძანა ყმაწვილს, ასე ეპასუხა: „ისმენს მონა შენი, იტყოდე, უფალო" (1 მეფ. 3, 9).

ამის გამეორებას ბედავს გემოთმოყვარე და ამპარტავანი მეოცნებე, რომელსაც არავინ მოუწოდებს, რომელიც საკუთარ თავზე მაღალი წარმოდგენით არის შეპყრობილი, საკუთარ თავში თხზავს რაღაც ხმებსა და ნუგეშებს, ამით ეფერება თავის ამაყ გულს, თავსაც იტყუებს და თავის მალემრწმენ მიმდევრებსაც.

მართლმადიდებელი ეკლესიის – ერთადერთი წმინდა და ჭეშმარიტი ეკლესიის შვილო! შენს უხილავ ღვაწლში ეკლესიის წმინდა მამების რჩევა-დარიგებებით იხელმძღვანელე: ისინი გიბრძანებენ, რომ ვიდრე სული წმიდის ცხადი მოქმედებით არ განახლებულხარ, უარყო ყოველგვარი ხილვა, ყოველგვარი ხმა, გარეგანი თუ შინაგანი, როგორც ხიბლის აშკარა საბაბი (წმ. გრიგოლ სინელი, ხიბლისათვის).

დაიცავი გული ხილვებისაგან, გაჩენისთანავე განაგდე ყოველგვარი ოცნება თუ წარმოდგენა, რითაც დაცემამ ჭეშმარიტება შეცვალა. სინანულით შემოსილი, შიშითა და მოწიწებით იდექი დიდი ღმერთის წინაშე, რომელსაც ძალუძს განგწმინდოს ცოდვებისაგან და განგაახლოს ყოვლად წმიდა სულით თვისით. სული წმიდა გასწავლის „ჭეშმარიტებასა ყოველსა" (ინ. 16, 13).

გლოვისა და სინანულის განცდა ერთადერთია, რაც ცოდვათა შენდობის მავედრებელ სულს სჭირდება. ესაა კეთილი ნაწილი! თუკი ის გამოირჩიე, ეცადე არასოდეს დაკარგო იგი! ნუ გაცვლი ამ საუნჯეს ყალბ, ცარიელ, ნაძალადევ, ვითომ მადლისმიერ განცდებზე, ნუ დაიღუპავ თავს ტყუილით.

წმ. ისააკ ასური ამბობს: „თუ ზოგიერთი მამა წერს, რომ არსებობს სულის სიწმიდე, სიჯანსაღე, უვნებელობა, ამას იმისთვის კი არ წერს, რომ ჩვენ ნაადრევად დავიწყოთ მათი ძიება და მოლოდინი. წმინდა წერილი ამბობს: „არა მოვიდეს სასუფეველი ღმრთისაჲ ზმნით" (ლკ. 17, 20). ვის სულშიც ეს მოლოდინი არსებობს, იმან ამპარტავნება და დაცემა მოიხვეჭა. ეკლესია უარყოფს ღვთის მაღალი ნიჭების ძიებასა და მოლოდინს, ესაა სულის სნეულების ნიშანი" (სიტყვა 55).

ყველა წმინდანი უღირსად მიიჩნევდა თავს ღვთის წინაშე, ამით ცხადყოფდა თავის ღირსებას, რომელიც სიმდაბლეში მდგომარეობდა.

ყველა, ვინც ხიბლში ჩავარდა, საკუთარ თავს ღვთის წინაშე ღირსეულად მიიჩნევდა, ამით მათ გამოამჟღავნეს მათ სულში ჩასახლებული ამპარტავნება და ეშმაკისეული ხიბლი. ზოგიერთმა მათგანმა ანგელოზის სახით მოსული ეშმაკი მიიღო და მას დაემორჩილა, ზოგს ეშმაკები საკუთარი სახით ეცხადებოდნენ და თავს ისე აჩვენებდნენ, თითქოს მათი ლოცვით იძლივნენ, რითაც მოღვაწეს საკუთარ თავზე მაღალი წარმოდგენის მსხვერპლად აქცევდნენ; სხვები საკუთარ წარმოსახვასა და სისხლს აღაგზნებდნენ, ნერვებს აღიზიანებდნენ, ამ ყველაფერს მადლისმიერ სიტკბოდ ღებულობდნენ და თავის მოცთუნებას, სრულ დაბნელებას ეძლეოდნენ, ანუ თავიანთი სულით დაცემულ სულებთან ამყარებდნენ ერთობას.

თუ საკუთარ თავთან საუბარი გწყურია, ნუკი მოატყუებ მას, პირიქით, აყვედრე. მწარე წამალი ყველაზე სასარგებლოა ჩვენსავით დაცემულ მდგომარეობაში მყოფთათვის. ვინც თავს იტყუებს, იმან უკვე მიიღო აქ, ამ სოფელში ჯილდო ანუ ხიბლი, ღმერთის მტრობით დაავადებული ამა სოფლის ქება და სიყვარული; იმსოფლად იგი უკვე აღარაფერს უნდა მოელოდეს, სასჯელის გარდა.

„სალმობაჲ ჩემი ჩემ წინაშე არს მარადის" (ფსალმ. 37, 18), ამბობს თავის თავზე წმ. დავითი: მისი ცოდვა მარადის მისი განხილვის საგანი იყო. „რამეთუ უსჯულოებაჲ ჩემი მე უთხრა და ვზრუნვიდე მე ცოდვისა ჩემისათვის"(ფსალმ. 37, 19).

წმ. დავითი თავის თავს განიკითხავდა, ამხილებდა საკუთარ ცოდვას მაშინაც კი, როდესაც ღმერთმა უკვე შეუნდო იგი და სული წმიდის მადლიც კვლავ მიანიჭა. მეტიც: დავითი თავის ცოდვას მთელი სამყაროს გასაგონად აღიარებდა და ამხილებდა.

როდესაც მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა მამები, განსაკუთრებით მეუდაბნოე მამები, სულიერი მოღვაწეობის მაღალ ხარისხს აღწევდნენ, მაშინ მთელი ეს მოღვაწეობა ერთ მთლიან სინანულად იქცეოდა ხოლმე. სინანული მოიცავდა მთელ მათ ცხოვრებას, მთელ საქმიანობას: ეს იყო საკუთარი ცოდვის ხედვის შედეგი.

ერთ-ერთ წმინდა მამას ჰკითხეს, რა უნდა იყოს განმარტოებული ბერის ძირითადი საქმეო? ბერმა კი უპასუხა: „ცოდვით მომკვდარი შენი სული წინ გიდევს, შენ კი მეკითხები, რა უნდა იყოს შენი საქმე?" გლოვა არის ქრისტეს ჭეშმარიტი მოღვაწის ძირითადი საქმე, გლოვა არის მონაზვნის საქმე მოღვაწეობის დაწყებიდან მის დასრულებამდე.

საკუთარი ცოდვის ხედვა და მისგან შობილი სინანული ის საქმეებია, ამ სოფელში დასრულება რომ არ მოელით: საკუთარი ცოდვის ხედვა შობს სინანულს, სინანული კი გვანიჭებს განწმენდას. განწმენდის შედეგად გონების თვალი კაცის მთელ არსებაში თანდათან ისეთ ნაკლოვანებებსა და წყლულებს ხედავს, რომლებსაც უწინ, თავის დაბნელებულ მდგომარეობაში, ვერც კი ამჩნევდა.

უფალო! მოგვმადლე ხედვა საკუთარ ცოდვათა, რათა ჩვენი გონება მხოლოდ საკუთარ ცოდვებზე ფიქრით იყოს შეპყრობილი, ვეღარ ხედავდეს მოყვასის ცოდვებს და ამდენად, ყოველი ადამიანი კეთილად მიაჩნდეს. მომადლე ჩვენს გულებს უნარი, რომ თავი დავანებოთ დამღუპველ ზრუნვას მოყვასის ცოდვებზე და მთელი გულისყური შენს მიერ ნამცნები სისუფთავისა და სიწმინდის მოპოვებისაკენ მივმართოთ. მოგვმადლე ძალა, რომ მას შემდეგ, რაც სულის სამოსელი შევბღალეთ, კვლავაც განვასპეტაკოთ იგი: ეს სამოსელი ერთხელ უკვე განიბანა ნათლისღების წყლით, ახლა კი, შებილწვის შემდეგ, ცრემლთა ნაკადულებით განწმენდა ესაჭიროება. შენი მადლის შუქზე მოგვმადლე ხედვა ჩვენს სულებში ჩაბუდებული ათასგვარი სნეულებისა, გულში ყოველგვარ სულიერ მოძრაობას რომ კლავენ, სანაცვლოდ კი ზეცათა სასუფევლისთვის მტრულ, სისხლისმიერსა და ხორციელ მოქმედებას ნერგავენ; მოგვმადლე უდიდესი ნიჭი სინანულისა, რომელიც წინ უძღვის და შობს საკუთარ ცოდვათა ხედვას. ამ დიდი ნიჭებით გვიხსენი თავის მოტყუების უფსკრულისაგან: იგი ხომ სულში იქიდან ჩნდება, რომ ვერ ვხედავთ და არ ვიცით საკუთარი ცოდვები, ვერ ვხედავთ და არ ვიცით საკუთარი გემოთმოყვარება და ცუდმედიდობა. ამ დიდი ნიჭებით დაგვიცევ შენკენ სავალ გზაზე და შენამდე მოგვიყვანე, შენ, ვინც მოუწოდებ მონანულ ცოდვილებს და უარყოფ საკუთარი თავის მართალთა შორის შემრაცხველებს, რათა მარადის დიდებისმეტყველებას აღგივლენდეთ შენ, საუკუნო ნეტარებაში მყოფს, ერთ, ჭეშმარიტ ღმერთს, ტყვეთა განმათავისუფლებელს, წარწყმედილთა გამომხსნელს. ამინ.

თარგმნა რუსუდან ბუაჩიძემ

გადმოღებულია წიგნიდან – „სიტყვა ნუგეშინისცემისა"; შემდგენელი და გამომცემელი – დეკანოზი ზაქარია მარგალიტაძე.
კატეგორია: ღვთისმეტყველება | ნანახია: 1244 | დაამატა: თორნიკე | ტეგები: - საკუთარი, ხედვა, ეგნატე, წმ. ეპისკოპოსი, ბრიანჩანინოვი, წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი, ცოდვის | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0









© 2016 WWW.WAMI.UCOZ.COM |
საიტი შექმნილია uCoz სისტემაში

shegivwyalen upalo agsdga qriste mociqulta tavno აღავსე ილია მეორე - მამაო Marradi - წმ -- Dreams აღმაშენებელის - This big Giovanni Marradi - This little big Little love Giovanni - Amor amor Maradi ლოცვა - Melanxolia - წმ ილია ტროპარი - წმ ნინოს Richard დღეს Nostalgia Clayderman - Time Goodbye Richard Clayderman - Time To Say Go SaY To - Passion - ღვთისმშობელო RICHARD CLAYDERMAN - Passion for time us ილია მეორე - კურთხეულ - A golden Golden_melody-A_time_for_us melody - მოციქულთა - გვირგვინი წმიდა - სიყვარულისათვის ასური !!! წმინდა ბარბარეს ბარბარობას gilocavT natligebas - აღსარება ანტონ პატრიარქის ? ratom aris mamakacis qali არის (შუშანია) ალექსი ახალ არასწორი არასწორი ხალხური გამოთქმები და წარმ ბარბარე დიდმოწამე განმარტება - ალილუია - ამინ - კოსმეტიკა ბერი პაისი - კოსმეტიკა ლაქაა ღვთის - საკუთარი ბრიანჩანინოვი ბერი პაისი - ბავშვებს ათონელი - ანტიფონი შესახებ - საქართველოს გაბრიელი ბაბილონი (შესაძლებელია თუ არა ქვიშით ნათლობა ადამიანების აღსარება 23 23 ივნისი ცხოვრება 17 17 წლის ბერი ანდრიას ცხოვრება ანდრიას გილოცავთ