ნიკოდიმოს მთაწმინდელი - 11 მაისში 2012 - - † წამი: წარსული. აწმყო. მომავალი. იმედი!
† Wami.uCoz.Com


მენიუ

ხმის მიცემა
დადიხართ წირვა ლოცვაზე?
სულ პასუხი: 40

მენიუ †


სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0








მთავარი » 2012 » მაისი » 11 » ნიკოდიმოს მთაწმინდელი
1:56 PM
ნიკოდიმოს მთაწმინდელი



უხილავი ბრძოლა
ევქარისტიის წმიდათაწმიდა საიდუმლოს შესახებ

აქამომდე, ჩემო ძვირფასო მკითხველო, უხილავ ბრძოლაში მტრის დასაძლევად ოთხი იარაღი შემოგთავაზე: საკუთარი თავის უნდობლობა, ღვთისადმი შეურყეველი სასოება, ცოდვისადმი წინააღმდეგობა და ბრძოლა მასთან და ლოცვა. ახლა მსურს სხვა უძლიერეს იარაღზე, ანუ ევქარისტიის წმიდათაწმიდა საიდუმლოზე მიგითითო. როგორც საიდუმლოთა შორის უმაღლესია ეს საიდუმლო, ასევე სულიერ იარაღებს შორისაა უძლიერესი და მტრის შემმუსვრელი. ის ოთხი იარაღი, რომელზედაც ვისაუბრეთ, იმ მადლიანი ნიჭისგან იძენს ძალას, რომელსაც ჩვენ ქრისტეს სისხლი მოგვიხვეჭს. ეს საიდუმლო თავად უფლის მიერ მოძღვნილი იესო ქრისტეს სისხლი და ხორცი გახლავთ. ამ ოთხი იარაღით და ქრისტეს ძალით ვებრძვით ბოროტს. მისით გვამარცხებინებს უფალი იესო ქრისტე ჩვენს მტრებს. რადგან ვინც ჭამს ქრისტეს ხორცს და სვამს მის სისხლს, ის ქრისტეშია და ქრისტე მასში, როგორც თავადვე ამბობს უფალი: ვინც ჭამს ჩემს ხორცს, და სვამს ჩემს სისხლს, ის ჩემშია, და მე მასში (იოან. 6,56). ამიტომ როდესაც მტრებზე ვიმარჯვებთ, ეს მაცხოვრის სისხლი ამარცხებთ მათ, როგორც დაწერილია გამოცხადებაში: და მათ სძლიეს მას (ცილისმწამებელ სატანას) კრავის სისხლით (გამოცხ. 12,11).

ეს უწმიდესი საიდუმლო, ეს უძლიერესი იარაღი, განსაკუთრებით კი ამ საიდუმლოში მყოფი ქრისტე, ქმედითია და მიიღება ორნაირად: 1) საიდუმლოდ, ქრისტეს სისხლისა და ხორცის მეშვეობით, ღირსეული მომზადებით, გულშემუსვრილებით, აღსარებით, ეპიტიმიის მეშვეობით, განწმენდითა და მარხვით; 2) სულიერად და შინაგანად, გულსა და გონებაში. ამათგან პირველი იმდენად ხშირი შიძლება იყოს, რამდენადაც შესაძლებელია, გარეგნული ვითარების, შინაგანი მდგომარეობისა და სულიერი მოძღვრის აზრის გათვალისწინებით; ხოლო მეორე - ყოველწამიერი. ასე რომ, შეგლიძია მუდამჟამს ხელთ გეპყრას ეს უძლიერესი იარაღი და მუდმივად დაიცვა თავი მტრისაგან. უწყოდე და, რაც შიძლება ხშირად ეზიარე ქრისტეს წმიდა საიდუმლოს, როგორც კი სულიერი მოძღვარი ნებას დაგრთავს. გონებრივად და სულიერად კი მუდმივად დაეწაფე უფალ იესო ქრისტეს: ამის შესახებ უკვე მოგეცი რჩევა-დარიგებანი როდესაც ლოცვაზე ვსაუბრობდით.
როგორ გვმართებს ევქარისტიის წმიდა საიდუმლოს მიღება,
ანუ უფალ იესო ქრისტესთან ზიარება საიდუმლოდ - საიდუმლოებებით
იმ მიზნის მისაღწეავდ, რისთვისაც ამ ღვთაებრივ საიდუმოოს მივეახლებით, გარკვეული განწყობილება, ქმედებანი და საშუალებებია საჭირო ზიარებამდე, ზიარებისას და მას შემდეგაც. ზიარებამდე სინანულისა და აღსარების საიდუმლოთა მეშვეობით უნდა განვიწმინდოთ ნებისმიერი სიბინძურისა და ცოდვისაგან, სასიკვდილო იქნება თუ არასასიკვდილო; შევასრულოთ, რასაც აღსარების შემდეგ მოძღვარი გვეტყვის და მტკიცედ გადავწყვიტოთ, რომ მთელი გულით, სულით ძალითა და გონებით ვემსახურებით და სათნოვეყოფით ერთადერთს - უფალ იესო ქრისტეს. ამ საიდუმლოთი უფალი იესო ქრისტე ჩვენ საკუთარი სისხლისა და ხორცის, სულის, ღმრთეებისა და განკაცებული მაცხოვრის ძალმოსილების თანაზიარს გვხდის. გავიაზროთ, რა არარაობაა ჩვენს მიერ გაღებული მასთან შედარებით, რასაც უფალი გვაძლევს. გულში აღვიბეჭდოთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ მის სადიდებლად; და თუ ოდესმე გავხდებით მფლობელი ყველაზე დიდი ნიჭისა, რაც კი შეიძლება მიაგოს უფალს მიწიერმა თუ ზეციურმა გონიერმა ქმნილებამ, დაუფიქრებლად მივუძღვნით მის ღვთაებრივ დიდებულებას.

როდესაც წმიდა საიდუმლოებებთან ზიარება გსურს,რათა მათით საკუთარი და უფლის მტრების დამარცხება შეძლო, წინა საღამოს, ანდა უფრო ადრეც, გაიაზრე, რამდენად სურს უფალს - ჩვენს მაცხოვარს, ძეს ღვთისას, რომ მის სისხლსა და ხორცს ეზიარო, რომ დაუთმო საკუთარი გული, რათა შეგიერთოს და ამით ვნებების განდევნასა და მტრის დამარცხებაში დაგეხმაროს.

იმდენად დიდი და მხურვალეა ჩვენი უფლის ეს სურვილი, რომ შექმნილ გონებას არ ძალუძს სრულყოფილად დაიტიოს. ეს რომ რამდენადმე ღრმად შეიგრძნო, გონებაში ორი აზრი უნდა აღიბეჭდო: 1) თუ რამდენად გამოუთქმელია ყოვლადსახიერი უფლის სიხარული ჩვენთან გულწრფელი ურთიერთობის გამო, როგორც წმიდა წერილი გვასწავლის: ადამის მოდგმაში იყო ჩემი სიხარული (იგავ. 8,31), როგორ ძლიერ სძულს ღმერთს ცოდვა, რადგან ის ხელს გვიშლის უფალთან შეერთებაში და სრულიად საწინააღმდეგოა ღმრთაებრივი სრულყოფილებისა. ბუნებით უსაზღვროდ სახიერმა და უწმიდესმა ნათელმა, გამოუთქმელმა მშვენიერებამ, შეუძლებელია, უზომოდ არ ითაკილოს ცოდვა, რაც სხვა არაფერია, თუ არა უკიდურესი ბოროტება, სიბნელე, ხრწნა და სიბინძურე ჩვენს სულებში. ცოდვის მიმართ იმდენად მოუთმენელია უფალი, რომ ცოდვით დაცემისთანავე, საღვთო განგებულება, ძველ და ახალ აღთქმათა ძალისხმევა, განსაკუთრებით კი ჩვენი მაცხოვრის, ძე ღმერთის - უფალ იესო ქრისტეს ვნება, დაცემის კვალის წაშლისა და გამოსწორებისკენაა მიმართული. ზოგიერთი ღვთისმეტყველი და მასწავლებელი იმასაც ამბობს ( გავიხსენოთ წმიდა დიონისე არეოპაგელის თქმულება ტიტუს ხილვის შესახებ), საჭირო რომ ყოფილიყო, უფალი იესო ქრისტე ცოდვის განსანადგურებლად ბნელეთის ძალებსაც კი აღძრავდაო. ასე დევნის ღვთის გულისწყრომა ცოდვას.

როდესაც გაიაზრებ, თუ რამდენად ძლიერია ღვთის სურვილი შენს გულში შემოსვლისა, რათა საბოლოოდ დაამარცხოს იქ შენი მტრები, რომლებიც მისი მტრებიც არიან, შეუძლებელია, ღვთის მიღების მხურვალე სურვილი არ იგრძნო. ამ განწყობას ის საქმითაც განგიმტკიცებს. გამხნევდი, სიმამაცე და კადნიერება გამოიჩინე და მტკიცედ გწამდეს, რომ შენში შემოვა შენი ზეციური მფარველი - იესო ქრისტე. შემდეგ კი იმ ვნებას შეებრძოლე, რომელიც ყველაზე მეტად გაწუხებს და რომლის დათრგუნვაც ყველაზე მეტად გსურს. ეცადე, სიძულვილითა და ზიზღით დაამარცხო იგი. ამავე დროს საკუთარ თავში ამ ვნების საპირისპირო სათნოების ლოცვითი სურვილი აღძარი. და ყოველივეს აღსასრულებლად საქმით მოემზადე.
აი, ასე უნდა მოიქცე ზიარების წინა საღამოს.

დილით, წმიდა ზიარებამდე ცოტა ხნით ადრე, გონების თვალით გადახედე წინა ზიარებიდან აქამომდე შენს მიერ ჩადენილ არასწორ საქციელს, შეცოდებას, გართობას, გაიხსენე, როგორი უშიშებითა და სიბრმავით იქმოდი ყოველივეს, თითქოს არ არსებულიყო ღმერთი, მსაჯული და სამაგიეროს მიმგები, რომელიც ყველაფერს ხედავს და ცოდვათაგან შენს გამოსახსნელად საშინლად ეწამა და სამარცხვინო სიკვდილით ევნო ჯვარზე. შენ კი, ცოდვას დამონებულმა, ფეხქვეშ გაქელე ეს ყველაფერი, საკუთარი ბილწი ვნებები უფლის - შენი მაცხოვრის ნებაზე მაღლა დააყენე. დაე, სირცხვილით აღივსოს შენი სული ასეთი უმადურობისა და უშიშობის გახსენებისას. ოღონდ, თავი დაიცავი სასოწარკვეთილებისგან და არ დაუშვა, სირცხვილმა დაგრთგუნოს. ყოვდადმომთმენი უფალი იხილავს რა შენს სინანულს და მზადყოფნას, ამიერიდან მხოლოდ მას ერთადერთს ემსახურო, მოგხედავს, რათა თავისი უსაზღვრო მადლით გადაფაროს შენი უმადურობის უფსკრული, უშიშობა და მცირდმორწმუნეობა. უღირსების მდაბალი შეგრძნებითა და სრული სასოებით, სიყვარულითა და ერთგულებით მიენდე უფალს. განუმზადე გულში ფართო კარავი, რათა დაუბრკოლებლივ შემოვიდეს. როგორ? - გულიდან არა მარტო მისწრაფებებისა და გრძნობების, არამედ ყოველგვარი გულისსიტყვების განდევნით და გულის კარის ჩაკეტვით, რათა იქ უფლის გარდა ვერავინ შეაღწიოს.

წმიდა საიდუმლოსთან - ქრისტეს სისხლსა და ხორცთან ზიარებისას გულის სიღრმეს მიაშურე, მდაბლად თაყვანი ეცი უფალს და გონებით ასე მიმართე: „შენ ხედავ, ყოვლადსახიერო უფალო ჩემო, როგორ ადვილად ვცოდავ საკუთარი თავის დასაღუპად, როგორ მებრძვის ვნება და და რამდენად უძლური ვარ, რომ მისგან განვთავისუფლდე. შემეწიე და გააძლიერე ჩემი უძლური მცდელობა, ანდა თავად აღიღე ჩემი იარაღი და ჩემს მაგივრად შემუსრე მტრები".

ამის შემდეგ უფალ იესო ქრისტესთან და ჩვენს ზეციურ მამასთან ერთად წმიდა საიდუმლოს მეშვეობით შენზედ გადმოსულ სულიწმიდას მიმართე, რომელმაც თავისი მადლით უფლის სისხლისა და ხორცის მისაღებად აღგძრა, მოგამზადა და ახლა, ზიარების შემდგომ გარს გერტყმის. თაყვანი ეცი სამებაში განდიდებულ ჩვენს კეთილისმყოფელ ერთ ღმერთს და მადლობა აღუვლინე შენზედ გამოვლენილი დიდი წყალობისათვის, როგორც უდიდესი ძღვენისთვის. მტკიცედ გადაწყვიტე, რომ სამსახოვანი ერთი ღმერთის იმედით საკუთარ ცოდვებთან საბრძოლველად მოემზადო. იცოდე, თუ საკუთარი ვნებების დასაძლევად მთელს ძალისხმევას არ მოუხმობ, ღვთისგან შემწეობას ვერ მიიღებ. ხოლო თუ მხოლოდ საკუთარი ძალების იმედად იქნები, თუდნაც ფრიადი გულმოდგინება გამოიჩინო, წარმატებას ვერ მოიპოვებ. გულმოდგინებას და ძალისხმევას ნუ მიატოვებ, ოღონდ წარმატებას მხოლოდ უფლისგან ელოდე. შემწეობაც უცილობლად მოგევლინება, შენს უძლურ მცდელობას განაძლიერებს, გამარჯვებას მოგანიჭებს და დაძლევ მათ, ვისაც ებრძვი.




ევქარისტიის საიდუმლოში ჩაღრმავებით საკუთარ
თავში ღვთის სიყვარულის გაღვივება

ქრისტეს სისხლსა და ხორცთან ზიარების ზეციურ საიდუმლოში ჩაღრმავებით საკუთარ თავში ღვთის დიდი სიყვარული რომ გააღვივო, შეეცადე, გაიაზრო ის სიყვარული, უფალმა წმიდა საიდუმლოს საშუალებით რომ გამოავლინა შენს მიმართ. ყოვლადძლიერი და ყოვლისმპყრობელი ღმერთი მხოლოდ იმით არ დაკმაყოფილდა, რომ თავის ხატად და მსგავსად შეგქმნა, არც იმით, რო ცოდვით დაცემულს და ღვთის შეურაცხმყოფელს საკუთარი მხოლოდშობილი ძე მოგივლინა, რომელმაც ოცდაცამეტი წელი დედამიწაზე იცხოვრა, საშინელი წამება და ჯვარზე მტანჯველი სიკვდილი დაითმინა, რათა ცოდვების გამო სატანას დამონებული მისი ხელიდან გამოეტაცე, გამოესყიდე და კვლავ ძველებული ღირსებით შეემოსე. გარდა ამისა, უფალმა საზრდოდ წმიდა სისხლსა და ხორცთან ზიარება დაგიწესა, რათა მთელი არსებით შერწყმოდი განხორციელებულ ღმერთს. ღვთის უდიდესი სიყვარულის ეს უკანასკნელი გამოვლინება მუდმივი ჭვრეტისა და ჩაღრმავების საგნად აქციე, რათა ყოველმხრივ შეიცნო მისი სრულყოფილება და სიუხვე, ისაზრდოო მათით და უფრო მეტად აღაგზნო გულში ღვთისადმი სწრაფვა და სიყვარული.

1) იფიქრე, საიდან მოდის ღვთის სიყვარული შენდამი და მიხვდები, რომ მას დასაწყისი არა აქვს. როგორც მარადიულია უფალი თავისი ღვთაებრივი ბუნებით, ასევე მარადიულია შენდამი მისი სიყვარულიც. ამ სიყვარული გამო მან საუკუნეთა უწინ გონებისთვის გასაოცარი და მიუწვდომელი ქმედებით თავისი მხოლოდშობილი ძე მოგიძღვნა. მთელი სისავსით შეიგნე ეს, განიხარე სულიერი სიხარულით და აღმოთქვი: „ჯერ კიდევ მარადისობის წვდიადსა და უფსკრულში მყოფი ჩემი არარაობა პატივდებული და შეყვარებული იყო უფლისგან. ჯერ კიდევ მაშინ სურდა უფალს ჩემთვის სიკეთე და თავისი გამოუთქმელი სიყვარულის გამო ინება, ჩემთვის საზრდოდ საკუთარი მხოლოდშობილი ძე მოეცა. განა შემიძლია ამის შემდეგ სრულად მას არ მიემართებოდეს ჩემი აზრი, გული და სურვილები?"

2) იფიქრე იმაზეც, რომ შექმნილ არსებათა ურთიერთსიყვარულს, რაც უნდა ძლიერი იყოს იგი, გარკვეული საზომი და ზღვარი აქვს, რის შემდეგაც მას აღარ ძალუძს განფენა. მხოლოდ უფლის ჩვენდამი სიყვარულია უსაზღვრო. და როდესაც ამ სიყვარულის დაკმაყოფილება გახდა საჭირო, მან მსხვერპლად გაიღო თავისი ძე, დაუსაბამობითა და დიდებულებით თავისივე მსგავსი, თანაარსი მამისა, ღვთის სიყვარული ისეთივეა, როგორიცაა მისი ძღვენი და პირიქით, როგორიცაა სიყვარული, ისეთიევა ძღვენი. ერთიცა და მეორეც იმდენად დიდია, რომ უფრო დიადის წარმოდგენა ცოცხალ არსებას არ ძალუძს. შეეცადე, ეს უსაზღვრო სიყვარული შენთვის შესაძლო საზომით გაზომო.

3) იფიქრე იმის შესახებაც, რომ ღმერთმა რაიმე აუცილებლობის გამო კი არ შეგვიყვარა, არამედ თავისი ბუნებით სახიერების გამო. ყველაფრისგან დამოუკიდებლად შეგვიყვარა, თავისთავად, უსაზღვროდ და მიუწვდომლად.

4) ჩვენი მხრიდან ამ სიყვარულს წინ არ უსწრებდა არანაირი საქებარი საქმე, რის გამოც ღირსნი ვიქნებოდით, რომ დაუსაბამო ღმერთს ასეთი განუზომელი სიყვარული მოეგო ჩვენი სიგლახაკის წილ, - შეგვიყვარა, რადგან ასე ნებავდა და არა მარტო შეგვიყვარა, საკუთარი თავი ჩვენ - უღირს ქმნილებებს მოგვიძღვნა კიდეც.

5) ეს გრძნობა წმინდაა და მიწიერი სიყვარულისგან განსხვაევებით, ჩვენგან სამაგიერო სიკეთეს არ მოელის. უფალი არ საჭიროებს რაიმე სიკეთეს სხვათაგან, რადგან თავადაა ყოვლადკმარი და ყოვლადნეტარი. ამიტომ მან ჩვენზედ გარდმოღვარა თავისი უსაზღვრო სიკეთე და სიყვარული, არა ჩვენგან რაიმე კეთილის მოლოდინით, არამედ ჩვენდა საკეთილდღეოდ.

განა შეიძლება ყოველივე ამის გააზრებისას არ გაგვიჩნდეს სურვილი, ვთქვათ: „ო, რა საოცარია ყველაფრი. უზენაესმა საკუთარი გული მომმადლა მე - მის უმცირეს ქმნილებას. რა გნებავს ჩემგან, დიდების მეუფეო? რას ელი ჩემგან, ვინც სხვა არაფერია, თუ არა მიწა და მტვერი? შენი ჩემდამი უსაზღვრო სიყვარულის შუქზე ვხედავ, უფალო, იმისთვის მაძლევ შენს არსებას საზრდოდ და სასმელად, რათა სრულად შემიერთო. შენ კი არ გჭირდება ეს, არამედ მე, რადგან ასე შენ ჩემში იცოცხლებ, მე კი - შენში. ამ უდიდესი სიყვარულით შეერთების შედეგად შენი მსგავსი ვხდები. გავკადნიერდები და ადამიანურად ვიტყვი: ჩემი მიწიერი გულის შენს ზეციურ გულთან შერწყმით ჩემში ერთგვარი ღვთაებრივი გული წარმოიშობა".

ასეთმა ფიქრებმა, შეუძლებელია, სიხარულითა და კრძალვით არ აღგავსოს, რადგან იხილავ, რამდენად ძვირფარი ხარ ღვთისთვის და როგორ უყვარხარ; მიხვდები, რომ ამ გამოუთქმელი სიყვარულით ღმერთს შენგან სხვა არაფერი სურს, თუ არა საპასუხო სიყვარულის მოპოვება და შენი ნეტარყოფა. ამით ის ქმნილებებისადმი და საკუთარი თავისადმი მიჯაჭვულობას განგაშორებს, რათა შეძლო სრულად მიუძღვნა თავი უფალს, როგორც ყოვლადდასაწველმა; რომ ამიერიდან მთელი ცხოვრების განმავლობაში ღვთის სიყვარულმა და მისთვის სათნოყოფის წრფელმა სურვილმა დაიპყროს შენი გონება, ნება, მეხსიერება და ყოველი გრძნობა. შენდამი ღვთის სიყვარულის ყოველი ქველისმოქმედება ამგვარად შეიძლება აისახოს შენს სულზე. ეს განსაკუთრებით ბუნებრივია ღმრთაებრივი ევქარისტიის საიდუმლოს შინაგანი ჭვრეტისას. გონებასთან ერთად გულიც განახვენ და მოწიწებული ლოცვა და მხურვალე ღაღადისი აღავლინე:

" ო, ზეციურო მეუფეო! როდის დადგება ის წუთი, როდესაც მთლიანად შენი სიყვარულის ცეცხლით აღვენთები? ო, ხელთუქმნელო სიყვარულო, პურო არსობისაო! როდის ვიცხოვრებ მხოლოდ შენით, შენთვის და შენში. ჩემო მარადიულო, მშვენიერო და ნეტარო ცხოვრებავ, ზეციურო მანანავ! როდის შევაქცევ ზურგს ყოველივე მიწიერს და მხოლოდ შენით ვისაზრდოებ? როდის აღსრულდება ეს, ჩემო უმაღლესო სიტკბოებავ და სახიერებავ! უფალო ჩემო, სასურველო და ყოვლადსახიერო! ყოველგვარ ვნებასა და უკეთურებას განაშორე ჩემი საწყალობელი გული, შენი წმინდა სათნოებებით შეამკე და ისეთი კეთილგანწყობით აღავსე, რომ მთელი გულწრფელობით მხოლოდ შენს სათნოსაყოფად ცხოვრება შევიძლო. მხოლოდ მაშინ გახდება ჩემი გული ღირსი შენი მეუფებისა, მხოლოდ მაშინ შევძლებ სიყვარულით შეგთხოვო გულში შემოსვლა და დამკვიდრება. და როდესაც შემოხვალ, წინააღმდეგობას არაფერი გაგიწევს და ისევე აღასრულებ ყოველივეს, როგორაც შენს ერთგულთა სულებში იქმ".

ასეთ ფიქრებსა და გრძნობებში შეგიძლია გაატარო ზიარების წინა საღამო და დილა. შემდეგ, როდესაც ზიარების დრო მოახლოვდება, მდაბლად და გულის სითბოთი გაიაზრე, ვინაა ის, ვინც უნდა მიიღო შენს არსებაში და ვინ ხარ შენ.

ის ღვთის ძეა, მიუწვდომელი და დიდებულებით შემკული. მის წინაშე ზეციური ძალნი კრთიან. ის უწმიდესია, მზეზე უნათლესი, გონებამიუწვდომი სიწმიდე, მასთან შედარებით ნებისმიერი ამქვეყნიური სიწმინდე უწმინდურია. მან შენი სიყვარულისთვის მონის სახე მიიღო; ისურვა, შეგინებული და შეურაცხყოფილი ჯვარზე ვნებულიყო და, ამავე დროს, ქვეყნის შემოქმედად და მეუფედ დარჩა. მას მთელი სამყაროს სიკვდილ-სიცოცხლე უპყრია ხელთ. ვინ ხარ შენ? - არარაობა. გახრწნილი, ვნებიანი და ბოროტი ბუნების გამო ყველაფერზე უფრო არარა და არაწმინდა; ქვესკნელის დემონთა დასაცინი. იმის მაგივრად რომ მადლიერება გამოგეხატა უფლის უსაზღვრო სახიერების გამო, საკუთარ ვნებებსა და ფანტაზიებს დაემონე; უგულვებელჰყავი შენი სათნომყოფელი და მეუფე და შენთვის დაღვრილი მისი ძვირფასი სისხლი ფეხქვეშ გაქელე. უფალი კი, ამის მიუხედავად, თავისი მარადიული და უცვლელი სიყვარულით კვლავაც მოგიხმობს ღვთაებრივ ტრაპეზზე, ხანდახან კი საშინელი მუქარით შეგახსენებს საკუთარ სიტყვებს, რომლებიც ყველას მიმართაა თქმული და, გაიძულებს, მიეახლო: თუკი არ შეჭამთ კაცის ძის ხორცს, და არ შესვამთ მის სისხლს, არ გექნებათ სიცოცხლე თქვენში (იოან. 6,53). უფალი მარადჟამს ღიად ტოვებს საკუთარი გულმოწყალების კარს, პირს არ იბრუნებს შენგან, მიუხედავად იმისა, რომ ცოდვების გამო სუსტიც ხარ, ბრმაც, ღატაკიც და ყოველგვარ ვნებასა და გარყვნილებას დამონებულიც. აი, რას ითხოვს შენგან უფალი: 1) გულწრფელად იგრძნო ტკივილი ღვთის შეურაცხყოფის გამო; 2) ყველაზე მეტად შეიძულო ცოდვა, დიდიც და მცირეც; 3) მთლიანად მიუძღვნა თავი უფალს და მთელი გულით და მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურო - ყველგან და ყოველთვის ღვთის ნება აღასრულო და ბოლომდე დაემორჩილო მას; 4) მტკიცედ გწამდეს უფლისა და გჯეროდეს, რომ შეგიწყალებს, ყოველგვარი ცოდვისგან განგწმენდს და ხილულ თუ უხილავ მტერთაგან დაგიფარავს.

შენდამი ღვთის ასეთი გამოუთქმელი სიყვარულით გაძლიერებულმა მიიღე წმიდა ზიარება და შიშთა და სიყვარულით წარმოთქვი: „უღირსი ვარ უფალო, შენი სისხლისა და ხორცისა. ბევრჯერ განგარისხე ცოდვებით და არაწმინდა საქმეები არ მომინანიებია. არ ვარ ღირსი შენთან ერთობისა, რადგან ჯერ არ განვწმენდილვარ იმ ვნებებისა და განწყობებისგან, რომლებიც სათნო არაა შენთვის. არ ვარ ღირსი შენი მიღებისა, რადგან ჯერ მთელი სიწრფელით არ განმიცდია შენდამი სიყვარული, შენი ნება და შენდამი მორჩილება. ო, ღმერთო ჩემო, ყოვლადძლიერო და უსაზღვროდ სახიერო! შენი უდიდესი კაცთმოყვარების გამო, ღირსმყავ, შეგერთო და რწმენით მოგეახლო".

წმიდა ზიარების შემდეგ გულის სიღრმეში განმარტოვდი, ყოველივე ამქვეყნიური დაივიწყე და დაახლოებით ასე მიმართე უფალს: „ცისა და მიწის უზენაესო მეუფევ! ვინ ინებებს ჩემს უღირს გულში შემოსვლას, როდესაც მე შეჩვენებული, ბრმა, ღატაკი და შიშველი ვარ! არავინ, თუ არა შენი ჩემდამი უსაზღვრო სიყვარული. ო, ხელთუქმნელო სიყვარულო! უტკბესო სიყვარულო! რას ითხოვ ჩემგან, საბოლოოდ გაღატაკებულისგან? - არაფერს, გარდა შენდამი ჩემი სიყვარულისა; გარდა იმისა, რომ ჩემი გულის სამსხვერპლოზე შენი სიყვარულის გარდა სხვა ცეცხლი არ ენთოს. ცეცხლი, რომელიც ფერფლად აქცევს დანარჩენ სურვილებსა და სიყვარულს, გარდა სურვილისა, ყოვლადდასაწველ და კეთილსურნელოვან მსხვერპლად შეგეწირო. სხვა არაფერი გსურდა ჩემგან და არც ახლა გსურს რაიმე სხვა. შემოდი და დაივანე ჩემს გულში! ჩემი სურვილი შენს სურვილს ეთნახმიერება. როგორაც შენი სრული არსება მომიძღვენი, ასევე მეც გიძღვნი სრულად საკუთარ თავს, რათა შენში ვგიებდე. ვუწყი, უფალო, რომ მსხვერპლის გარეშე ეს შეუძლებელია; შეუძლებელი იქნება, თუ ჩემში დარჩება თავისმოყვარების რაიმე კვალი, თანაგრძნობა საკუთარი ნების, აზრებისა თუ თავმოთნე ჩვევებისადმი. ამიტომ მსურს, ამიერიდან საკუთარ თავს შევეწინააღმდეგო ყველაფერში, რასაც კი ღვთისთვის არასათნოს ისურვებს. მსურს თავს შენთვის სათნო საქმეები ვაიძულო, თუნდაც ყველაფერი ჩემში და ჩემს გარეთ, წინ აღუდგეს ამ სურვილს. თავად არ ძალმიძს ეს. მაგრამ რადგან ამიერიდან ჩემთან ხარ, კადნიერად ვიმედოვნებ, რომ შენვე ჯეროვნად აღასრულებ ჩემში ყველაფერს. ვესწრაფვი და მსურს, რომ ჩემი გული შენს გულთან ერთობაში იყოს და მჯერა, შენი მადლით ამის ღირსი შევიქმნები. ვესწრაფვი და ვეძიებ მხოლოდ იმის დანახვას, მოსმენას, გააზრებას და შეგრძნებას, რაც შენი ნება იქნება, რასაც შენი მცნებები გვასწავლის. და მწამს, რომ ეს ჩემში შენი ძალის ქმედება იქნება. ვესწრაფვი და ვეძიებ გულისყურს, სადაცა ჰგიებ, სადაც მზერა მუდამ შენსკენ იქნება მიმართული და შენგან გამომავალი ნათლის სხივებით გავთბები. ვსასოებ, რომ ეს ჩემთვის შენი ხელის შეხება იქნება. გესწრაფვი და გეძიებ და ამიერიდან ჩემთვის ერთადერთი ნათელი, ძალა და სიხარული იქნები. მჯერა, ეს ყოველივე ჩემს შინაგან არსებაზე შენი მაცხოვნებელი ზემოქმედებით მოხდება. ამას გევედრები და განუწყვეტლივ ამაზედ ვილოცებ. ო, ყოვლადმოწყალე უფალო! იყავნ, იყავნ!"

იზრუნე, დღითიდღე უფრო მეტი რწმენით აღივსო ევქარისტიის წმიდათწმიდა საიდუმლოთა მიმართ. გაიაზრე, პურისა და ღვინის საშუალებით უფალი როგორ გამოგივლენს საკუთარ თავს და მთელი არსებით შემოდის შენში, რათა განგწმინდოს, უფრო მეტად ღირსეულ და ნეტარგყოს. მაცხოვრის სიტყვების თანახმად, ნეტარ არიან ისინი, ვისაც არ ვუხილავარ და მაინც მიწამეს (იოან. 20,39). ნუ ისურვებ, ამქვეყნიურ ცხოვრებაში უფალი სხვაგვარი სახით გეჩვენოს, გარდა ამ საიდუმლოსი. შეეცადე გულის სითბოთი განეწყო წმიდა საიდუმლოს მიმართ. ყოველდღიური მოშურნეობით ესწრაფე ღვთის ნების აღსრულებას და სულიერი სიბრძნით აქციე იგი შენი სულიერი, მშვინვიერი თუ ხორციელი საქმეების წარმმართველად. უსისხლო მსხვერპლთან ზიარებისას ყოველთვის საკუთარი თავი შესწირე უფალს მსხვერპლად, ანუ მზად იყავი მისი სიყვარულის გამო ცხოვრებაში მოწეული ნებისმიერი თავდასხმა, გასაჭირი და ცილისწამება დაითმინო.

წმიდა ბასილი დიდი წმიდა ზიარების შემდეგ მაზიარებლების მოვალეობას წმიდა პავლე მოციქულის სიტყვებით გამოხატავს, რომ უფლის სისხლთან და ხორცთან მაზიარებლები მისი სიკვდილის მაუწყებლები არიან ( 1კორ. 11,26). უფალმა ხომ ყველა ადამიანისთვის თავს იდო სიკვდილი, მათთვისაც, ვინც ეზიარება. და რატომ? - რათა ცოცხალნი თავისთვის კი არ ცოცხლობდნენ, არამედ მისთვის, ვინც მათთვის მოკვდა და აღდგა (2კორ. 5,15). ამიტომ ის, ვინც რწმენით, სიყვარულით, თავგანწირვითა და ღვთის მცნებების ერთგულებით მიეახლება წმიდა ზიარებას, მოვალეობას იღებს, იცხოვროს არა საკუთარი თავის, ამა სოფლისა და ცოდვის ტყვეობაში, არამედ წმიდა ზიარების მადლით ჩვენში დამკვიდრებული, ჩვენთვის მომკვდარი და აღმდგარი მაცხოვრისთვის.

ქრისტეს წმიდა სისხლსა და ხორცთან ზიარების შემდეგ შენთვის ვნებული უფლის სახელით მადლობა შესწირე ზეციურ მამას. მადლობისა და დიდების დასრულებისას ლოცვით შესთხოვე შენი სულიერი, მშვინვიერი და ხორციელი საჭიროებების დაკმაყოფილება, უფლის წმიდა ეკლესიის, ახლობლების, კეთილისმყოფელების კარგად ყოფნა და განსვენებულთა სულების ცხონება.

მამისადმი ჩვენი შუამდგომელი მხოლოდშობილი ძის შემწეობით, ვინც მამა-ღმერთისგან ყოველგვარ წყალობას გამოითხოვს ჩვენთვის, ეს ლოცვა შესმენილი იქნება და ნაყოფსაც გამოიღებს.
კატეგორია: წერილები | ნანახია: 597 | დაამატა: თორნიკე | ტეგები: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0









© 2016 WWW.WAMI.UCOZ.COM |
საიტი შექმნილია uCoz სისტემაში

shegivwyalen upalo agsdga qriste mociqulta tavno აღავსე ილია მეორე - მამაო Marradi - წმ -- Dreams აღმაშენებელის - This big Giovanni Marradi - This little big Little love Giovanni - Amor amor Maradi ლოცვა - Melanxolia - წმ ილია ტროპარი - წმ ნინოს Richard დღეს Nostalgia Clayderman - Time Goodbye Richard Clayderman - Time To Say Go SaY To - Passion - ღვთისმშობელო RICHARD CLAYDERMAN - Passion for time us ილია მეორე - კურთხეულ - A golden Golden_melody-A_time_for_us melody - მოციქულთა - გვირგვინი წმიდა - სიყვარულისათვის ასური !!! წმინდა ბარბარეს ბარბარობას gilocavT natligebas - აღსარება ანტონ პატრიარქის ? ratom aris mamakacis qali არის (შუშანია) ალექსი ახალ არასწორი არასწორი ხალხური გამოთქმები და წარმ ბარბარე დიდმოწამე განმარტება - ალილუია - ამინ - კოსმეტიკა ბერი პაისი - კოსმეტიკა ლაქაა ღვთის - საკუთარი ბრიანჩანინოვი ბერი პაისი - ბავშვებს ათონელი - ანტიფონი შესახებ - საქართველოს გაბრიელი ბაბილონი (შესაძლებელია თუ არა ქვიშით ნათლობა ადამიანების აღსარება 23 23 ივნისი ცხოვრება 17 17 წლის ბერი ანდრიას ცხოვრება ანდრიას გილოცავთ