† Wami.uCoz.Com


მენიუ

მენიუ †


სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0








მთავარი » 2010 » ივნისი » 15 » წმიდა მეფე დემეტრე თავდადებული
1:20 AM
წმიდა მეფე დემეტრე თავდადებული


წმიდა მეფე დემეტრე თავდადებული წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის შვილთაშვილი იყო. სრულიად პატარას მონღოლებმა მოუკლეს დედა - გვანცა დედოფალი. გადმოცემით, სიკვდილის წინ დედოფალს პატარა დემეტრე ნოინის ცოლისათვის ჩაუბარებია. წარმართ დედაკაცს უშვილებია უფლისწული და ასეთი მორჩილებისთვის ღვთისაგან სასწაულებრივი კურნება მიუღია - უშვილო ქალს მალე ვაჟი შესძენია.

ათი წლისას მოუკვდა მამა - დავით ულუ. 11-12 წლის ყრმა დემეტრე ქართველმა დიდებულებმა აბაღა ყაენს მიჰგვარეს ურდოში და სთხოვეს, საქართველოს მეფეთ-მეფედ დაემტკიცებინა. ყაენს მოეწონა ქართველი უფლისწული და მეფობის დასტური უბოძა, სამაგიეროდ, თავისი უფლებების განსამტკიცებლად, გამოაყოლა სადუნი, რომელსაც მეფემ ათაბაგობა უბოძა. სადუნ მანკაბერდელი ყაენის კარზე დაახლოებული, მისი ნების აღმასრულებელი, თბილისში გაზრდილი გასომხებული ქურთი იყო.

სულიერი სათნოებებით აღსავსე მეფე გონივრულად და გულმოწყალებით განაგებდა ქვეყანას. იგი გამოირჩეოდა მოწყალებით და უხვად გასცემდა ოქრო-ვერცხლს გლახაკებზე, რის გამოც უამრავი ადამიანი ხვდებოდა ხოლმე მას გზაზე, მეფის მოწყალების მოლოდინში.

15 წლის მეფეს, პოლიტიკური მოსაზრებით, ცოლად შერთეს ტრაპიზონის კეისრის ასული.

შედარებით მშვიდი პერიოდი დემეტრე მეფემ საქართველოს კეთილდღეობისთვის გამოიყენა, ააშენა და განაახლა ეკლესია-მონასტრები, გაამაგრა რამდენიმე სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ციხე-სიმაგრე.

მეტი არ დასცალდა დემეტრე მეფეს - ყაენმა ეგვიპტეზე სალაშქროდ იხმო. გაჰყვა მეფე ყაენს დიდძალი ლაშქრით, გმირულად იბრძოლა, გააოცა მონღოლნი და ეგვიპტელნი, მაგრამ უკან განახევრებული სპით დაბრუნდა. ამის შემდეგ არაერთ ლაშქრობაში მოუწიათ ქართველებს ბრძოლა მონღოლთა ინტერესებისათვის, რამაც ქვეყანა გააღატაკა. დემეტრეც იძლია ბოროტისაგან, ქვეყნის ინტერესებისათვის, ამჟამად მონღოლთა ნოინის ასული სოლღარი შეირთო ცოლად.

სხვის ომში სისხლისგან დაცლილი საქართველო ახალი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა: დაიწყო შინაბრძოლები. ქართველები ისე დაეცნენ, რომ ეკლესიებსაც კი სტაცებდნენ მიწას და სოფლებს იმის მაგიერ, რომ მეგობრის სახით შემოპარული საერთო მტრის განადგურებაზე ეზრუნა, ერი უცებ დაექანა დაღმავალი გზით, უცებ აღმართა ხელი მოყვარეზე, დაივიწყა ღმერთიცა და ხატიც.

ამაოდ ამხელდა სამწყსოს ზნესრული და უსათნოესი კათოლიკოსი ქართლისა ნიკოლოზი, ამაოდ მოძღვრავდა ბოროტის მიერ მიტაცებულ ქრისტიანებს ნიკოლოზ მაწყვერელი - არავინ უგდებდა ყურს მათ სიტყვებს, თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ამპარტავნებაში, ანგარებაში, უწესობაში.

დემეტრეც ახალი საცდურის წინაშე აღმოჩნდა: გულისთქმას ვეღარ გაუძლო ახალგაზრდა მეფემ - სიყვარული დაეუფლა მის გულს, გადაწყვიტა, ერთხელ მაინც ყოფილიყო ბედნიერი პირად ცხოვრებაში და მოიტაცა ბექა ჯაყელის ასული ნათელა. მისგან დემეტრე მეფეს შეეძინა გიორგი V, ერისგან ბრწყინვალედ წოდებული.

ერის დაცემით შეძრწუნებულმა კათოლიკოსმა ნიკოლოზმა ვერ შეძლო აზვირთებული უზნეობის შეჩერება და მოთოკვა. მრავალჯერ ამხილა და დამოძღვრა მან მეფე, და რაკი ვერ არწმუნა, დაუტევა კათალიკოსობა, „წარვიდა მამულად თჳსად" და უბრალო ბერული მოღვაწეობით ჩააბარა სული უფალს.

მეფის სამხილებლად ათონის მთიდან ჩამოვიდა ღირსი ბასილი მონაზონი (ხს. 18 აპრილს), ევფემიოს (ექვთიმე III) კათოლიკოსის ბიძა, ღვთისმშობლის გამოცხადებით მოიწია წინაშე დემეტრე მეფისა, ამხილა იგი უწესო ქორწინებისათვის და უწინასწარმეტყველა, რომ წაერთმეოდა მეფობა და სიცოცხლესაც დაკარგავდა. გაკვირვებულმა მეფემ პასუხი არ გასცა ღვთივგანბრძნობილ ბერს, რადგან წმიდა კაცთა პატივისმცემელი იყო.

მეფე გარეგნულად თითქოს მონღოლებს მორჩილებდა, მონაწილეობას ღებულობდა მათ ლაშქრობებში გარეშე მტერთან, საქართველში კი კვლავ ეკლესიებს აშენებდა, ღამ-ღამობით გამოდიოდა, საკუთარი ხელით ურიგებდა გლახაკთა მოწყალებას.

აბაღა ყაენის გარდაცვალების შემდეგ ყაენის ტახტისათვის სამკვდრო-სასიცოცხლოდ ებრძოდნენ ერთმანეთს აბაღას ძმა, აჰმადი და შვილი, არღუნი. დემეტრე მეფე იძულებული იყო მონაწილეობა მიეღო შეთქმულებებში. არღუნის წინააღმდეგ მოწყობილი ერთ-ერთი შეთქმულების მეთაურობა დაბრალდა არღუნის პირველ ვეზირს, ბუღას, რომელიც მზახლად ეკუთვნოდა დემეტრეს. ყაენმა შეიპყრო და თავი მოჰკვეთა ბუღას, იგივე დღე ეწია მის ნათესავ-მომხრეებსაც.

ყაენის კარზე დაიბარეს მეფე დემეტრე. მეფე მიხვდა, რასაც ნიშნავდა ყაენისგან ხმობა, მოიწვია კათოლიკოსი, ეპისკოპოსნი, მონასტრებისა და გარეჯის უდაბნოს მამები, შეკრიბა დარბაზის ერი და განუცხადა, რომ მზად იყო გაეწირა თავი, წასულიყო ყაენთან და ამით ეხსნა თავისი ქვეყანა აწიოკებისაგან.

დარბაზი გაკვირვებული მისჩერებოდა სიცოცხლით სავსე მეფეს. ყველამ ერთხმად სთხოვა მეფეს, შეეფარებინა თავი მთიულეთისთვის, მაგრამ მეფე მტკიცედ იდგა თავის გადაწყვეტილებაზე.

მეფე განემზადა უდაბნოში წასასვლელად, თან იახლა აბრაჰამ კათოლიკოსი, მოსე მღვდელი, ძე თვისი, დავით და რჩეული ერისთავები. ყაენის გამოგზავნილი სიუქოლ ნოინი შემოხვდა დემეტრეს, რაც ჰქონდა, ყველაფერი ჩამოართვა, ხელები გაუკრა და ყაენს მიჰგვარა, ვითარცა ერთი უპატიოთაგანი.

ვერანაირი დანაშაული ვერ აღმოუჩინეს ქართველთა ახალგაზრდა მეფეს. დაფიქრდა ყეანი. იცოდა, „უკეთუ ბოროტი უყოს მეფესა, არღარავინ არს ღირსი მეფობისა", არც დაუსჯელობა ივარგებდა, რადგან დემეტრე „მიმდგომი და მზრახავი იყო ბუღასი". მაშინ წინ წარდგა ხუტლუ-ბუღა მანკაბერდელი, ძე სადუნისა, მოღოლთა მოენე და დამსმენი და ყაენს უთხრა: „ნუ იურვი მაგას, რამეთუ მე მოვიყვანო შვილი აფხაზთა მეფისა დავითისი (ნარინის), სახელით ვახტანგი, და მას მიუბოძე მეფობა, რომელ ორივე სამეფო ბრძანებასა შენსა მორჩილებდეს". მოღალატე ამირსპასალარის სიტყვებმა ყველაფერი გადაწყვიტა. დემეტრეს უბრძანეს, აღეწერა ყოველი სიმდიდრე მისი, შემდეგ ხელები შეუკრეს, არგნებით სცემეს და საპყრობილეში ჩააგდეს. ქართველმა დიდებულებმა მოახერხეს დილეგში მყოფი მეფის მონახულება და გაქცევა შესთავაზეს. ქვეშევრდომების ერთგულებით გახარებულმა მეფემ კვლავ მშვიდად მიუგო: „პირველვე უწყოდე სიკუდილი ჩემი, გარნა დავდევ თავი ჩემი და სული ჩემი ერისთჳს ჩემისა. ხოლო აწ თუ წარვიდე, უბრალო ერი მოისრას, რა სარგებელ არს, უკეთუ ყოველი სოფელი შევიძინო და სული წარვიწყმიდო".

მონღოლებმა დემეტრე დივანხანად წოდებულ სამსჯავრო სახლში წაიყვანეს დასაკითხად და, თუმცა ბრალი ვერ უპოვეს, ყაენმა სიკვდილი გადაუწყვიტა ქართველთა მეფეს.

წმიდა მეფემ სიხარულით მიიღო სიკვდილის განაჩენი, მხიარულად მოიკითხა ნუგეშინისცემად მისული ქართველი დიდებულები, მერე სწორედ მოღალატე ხუტლუ-ბუღას ჩააბარა თავისი პირმშო. მეფის მიერ გამომჟღავნებულმა სიყვარულმა და შენდობამ გული შეუძრა ორგულ ხუტლუ-ბუღას და ტირილი წასკდა.

სიკვდილის წინ ილოცა მეფე, მიიღო წმიდა ზიარება და სული უფალს შეავედრა.

მოულოდნელად ღვთითმოვლენილმა სასწაულმა შეძრა ყოველი. მზე დაბნელდა და საშინელი სიბნელე ჩამოწვა. ამ სასწაულმა ისე შეაშინა წარმართები, რომ ხელი აიღეს უფლისწულის მოკვლაზე.

დემეტრეს წმიდა გვამს ყაენის ბრძანებით დარაჯები იცავდნენ. კათოლიკოსმა და მოსე მღვდელმა ფარულად გამოიხსნეს ცხედარი და თბილისელი მეთევზეების დახმარებით საქართველოში ჩამოასვენეს. წმიდა მეფე დემეტრე დამარხეს მცხეთას, სვეტიცხოვლის ტაძარში.


წმინდა მეფე დემეტრე თავდადებულის
ტროპარი


მოწამემან შენმან უფალო დემეტრე ღუაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგო უხრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩუენისა. რამეთუ აქუნდა მას შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამხვა და შემუსრა კერპთა იგი უძლური ძალი, მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნე სულნი ჩუენნი.


კონდაკი


ვარსკულავი ელვარე აღმოხედ, უცთომელ მზესა გვაუწყებ ქრისტესა, შარავანდედთა მის მიერ განათლებულო ღუაწლით-შემოსილო დემეტრე, სრულიად დაშრიტე სიმრავლე საცთურისა და ჩუენ მოგვფენ ორკეცსა მას ნათელსა და მეოხ-ხარ დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.



კატეგორია: წმიდანთა ცხოვრება | ნანახია: 2841 | დაამატა: თორნიკე | ტეგები: | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0









© 2024 WWW.WAMI.UCOZ.COM |
საიტი შექმნილია uCoz სისტემაში

shegivwyalen upalo agsdga qriste mociqulta tavno აღავსე ილია მეორე - მამაო Marradi - წმ -- Dreams აღმაშენებელის - This big Giovanni Marradi - This little big Little love Giovanni - Amor amor Maradi ლოცვა - Melanxolia - წმ ილია ტროპარი - წმ ნინოს Richard დღეს Nostalgia Clayderman - Time Goodbye Richard Clayderman - Time To Say Go SaY To - Passion - ღვთისმშობელო RICHARD CLAYDERMAN - Passion for time us ილია მეორე - კურთხეულ - A golden Golden_melody-A_time_for_us melody - მოციქულთა - გვირგვინი წმიდა - სიყვარულისათვის ასური !!! წმინდა ბარბარეს ბარბარობას gilocavT natligebas - აღსარება ანტონ პატრიარქის ? ratom aris mamakacis qali არის (შუშანია) ალექსი ახალ არასწორი არასწორი ხალხური გამოთქმები და წარმ ბარბარე დიდმოწამე განმარტება - ალილუია - ამინ - კოსმეტიკა ბერი პაისი - კოსმეტიკა ლაქაა ღვთის - საკუთარი ბრიანჩანინოვი ბერი პაისი - ბავშვებს ათონელი - ანტიფონი შესახებ - საქართველოს გაბრიელი ბაბილონი (შესაძლებელია თუ არა ქვიშით ნათლობა ადამიანების აღსარება 23 23 ივნისი ცხოვრება 17 17 წლის ბერი ანდრიას ცხოვრება ანდრიას გილოცავთ