† Wami.uCoz.Com


მენიუ

მენიუ †


სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0








მთავარი » 2012 » თებერვალი » 22 » მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი - აღსარება, როგორც კურნება
2:01 PM
მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი - აღსარება, როგორც კურნება



ლონდონი, საუბარი საშობაო სინანულისათვის 1991 წლის 12 დეკემბერს


მათ, ვინც დიდი ხანია, ეკლესიაში მოხვედით, მისი ცხოვრებით ცხოვრობთ, ამ ხნის მანძილზე ხშირად მიგიმართავთ აღსარების საიდუმლოსთვის, შესაძლოა, ზედმეტად მოგეჩვენოთ კიდევ ერთი საუბარი ამ თემაზე. მაგრამ, შინაგანად მცხოვრები გამუდმებით უბრუნდება ამ თემას: რა არის აღსარება? როგორ მივიტანოთ ღვთის წინაშე აღსარება, რომელიც განმწმედი და მაცხოვნებელი იქნებოდა? მსურს, შევჩერდე აღსარების საკითხის ზოგიერთ მომენტზე.

პირველ რიგში, აღსარების თქმა ნიშნავს სიღრმემდე გახსნას, მთელი სულის გადმოღვრას. რასაკვირველია, ამის ბოლომდე აღსრულება არავის ძალუძს, რამეთუ თითოეულ სიღრმეს ახალი და ახალი სიღრმეების გახსნა მოჰყვება. მაგრამ რისი გაკეთებაც შეგვიძლია - ჩვენი გაგების, შემეცნების ფარგლებში რაც შეიძლება, ღრმად ჩავიხედოთ საკუთარი ცხოვრების წიაღში და რაც შეიძლება, მართლად, ძრწოლით ან მადლიერებით გავხსნათ ეს სიღრმეები ღვთის წინაშე.

მაგრამ აქ მაშინვე ისმის კითხვა: რა არის აღსარების საგანი? არა, მე ვიცი, რომ ყველას აქვს გამოცდილება, რომელიც ხშირად ესოდენ საბრალო და არადამაკმაყოფილებელია. ხშირად გვიხდება იმის მოსმენა, როგორ მოდის ადამიანი აღსარებაზე და ჩამოთვლის უმნიშვნელო ცოდვებს: გაბრაზდა, უხეში სიტყვა თქვა, იცრუა, ეწყინდა, იშვიათად - ვინმეს აწყენინა... და ხშირად აღსარება ამის იქით არ მიდის. ჩვენ კი უპირველეს ყოვლისა, უნდა შევიმეცნოთ, რა არის ცოდვა, რომელიც უნდა აღიარო, რაც ცოდვილობის საფუძველია.

ცოდვა კანონის დარღვევაა, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი მხარეა, რადგან კანონით ყველაფერი არ ამოიწურება. მოგეხსენებათ, როგორ ხდება ადამიანურ ურთიერთობებში: ერთი ადამიანი მეორესთან კარგ, მოწესრიგებულ ურთიერთობაშია, ერთი მეორეს შეურაცხყოფას არ აყენებს, არ ამცირებს, მათ შორის ყველაფერი კარგადაა, მეზობლად ცხოვრობენ და მთელი ცხოვრების მანძილზე ერთმანეთს არასოდეს შეხვდებიან. ერთმანეთზე გულწრფელად არაფერზე გაბრაზდებიან და არც გაუხარდებათ. ისინი, უბრალოდ, ჩაივლიან, როგორც ორი პარალელური ხაზი, სადღაც შორს, უსასრულობაში. ზოგადმაცხოვრებელთა წესების, ცხოვრების კანონების ასეთი დაცვა ჯერ კიდევ არ არის ადამიანური დამოკიდებულება მეორე ადამიანის მიმართ. როდესაც ვსაუბრობთ აღსარებაზე და იმის შესახებ, რა უნდა გავამხილოთ, ეს კითხვა ძალზე მკვეთრად ისმება. შესაძლოა, ის ასე დაისვას: ცოდვა არის ყოველივე ის, რაც არც ღმერთს ეკადრება და არც თავად მე. ეს ღვთისგან ჩემი მოწყვეტაა; ეს ჩემი შინაგანი რღვევა და არეულობაა; ეს ორივე ამ მიზეზიდან გამომდინარე ქრისტიანული (და უბრალოდ, ადამიანურიც) შეხედულებისთვის მიუღებელი დამოკიდებულებაა მოყვასისადმი, ანუ იმ ადამიანისადმი, რომლის წინაშეც მე ახლა ვდგავარ; ანდა იმ ადამიანებისადმი, რომლებთანაც დაკავშირებული ვარ. ამრიგად, ცოდვა უბრალოდ, ამა თუ იმ საქციელში როდი მდგომარეობს. რასაკვირველია, საქციელი, სიტყვები მას გამოხატავს, მაგრამ ცოდვის საფუძველი გათიშულობა, ღვთისგან განცალკევება, გარშემომყოფი ადამიანებისგან განცალკევებულობა და შინაგანი მოწყვეტილობაა. პავლე მოციქული ბრძანებს, რომ სიკეთეს, რომელიც მას უყვარს, არ იქმს, არამედ იქმს ბოროტებას, რომელიც სძულს: გაორება (იხ. რომ. 7,18). მაგრამ ამ გაორების ფარგლებში, რასაკვირველია, უამრავი სხვაცაა: განხეთქილება გონებასა და გულს შორის, განხეთქილება გონებას, გულსა და ნებას შორის, სინდისსა და სხეულს შორის. ჩვენ შინაგანი დამსხვრეულობა გვჭირს. ეს უნდა გამრთელდეს, ხოლო სიტყვა - „გამრთელება" სწორედ ამას ნიშნაეს: ის, რაც გატეხილი და დამსხვრეული იყო, უნდა გამრთელდეს.

ალბათ, შეამჩნიეთ, რომ სახარებაში გამუდმებით საუბარია გამრთელებაზე, კურნებაზე. განკურნება ავადმყოფებისა, რომლებიც ქრისტესთან მოჰყავთ - არა უბრალოდ სხეულებრივი გამოჯანმრთელება. ქრისტე მაცხოვრის მიერ განკურნებულნი, მასთან სრულიად ახალ ურთიერთობას ამყარებენ, მისი მეშვეობით, მასში - ღმერთთან. ღვთის მიერ წართმეული სიცოცხლე ახლა კვლავ თითქოსდა დანერგილია ღმერთთან. ჩვენ კი სწორედ შინაგანი კურნება გვჭირდება, რომელიც ზოგჯერ უეცრად გვეძლევა, როდესაც ადამიანი ამისთვის უკვე მომწიფდა; ზოგჯერ კი თანდათანობითი შრომითა და ღვაწლით გვებოძება. ამიტომაც, როდესაც აღსარებაზე ვფიქრობთ, უნდა გავიაზროთ: რა ვთქვით, რა ვიგრძენით, გავიფიქრეთ, მოვისურვეთ, რა არ იყო საჭირო მეორე კითხვა, რომელიც, შესაძლოა, კიდევ უფრო მკვეთრად დგას: რამდენად დამამსხვრია ამ ყოველივემ შინაგანად? რამდენად დამაშორა მოყვასსა და თავად ღმერთს, გამაუცხოვა ერთთან თუ მეორესთან დამოკიდებულებაში?..

აქ კიდევ ერთი საკითხი ისმება. ჩვენ მუდამ ვფიქრობთ აღსარებზე, როგორც რაღაც კერძოზე: აღსარების სათქმელად მივდივარ, მღვდელს ჩემს ცოდვებს მოვუყვები და ეს სხვას არავის ეხება. რასაკვირველია, გარკვეული აზრით, ეს არავის ეხება: მღვდელს უფლება არ აქვს, გაახმაუროს ის, რაც აღსარებაზე მოისმინა. მაგრამ როგორია მღვდლის მდგომარეობა, რას წარმოადგენს ის თავად?

თუ იმაზე ვიფიქრებთ, როგორ ვითარდებოდა აღსარება ისტორიულად, ვიცით, რომ ქრისტიანული ჟამის დასაწყისში ადამიანის კერძო აღსარება მოციქულებთან, მღვდლებთან, საერთოდ არ იყო. ადამიანები აღსარებას ამბობდნენ იმ თემში, რომლის წინაშეც შესცოდეს, რამეთუ ერთი ადამიანის ცოდვით მთელი სხეულის მთლიანობა იმსხვრევა, მთელი სათემო სნეულდება. გამოიკვეთა სამი, თითქოს ძირითადი ცოდვა, რომლებიც ქრისტიანის სახელთან შეუთავსებელია.

პირველი თავისთავად ცხადია: ესაა ქრისტესა და ღვთისგან განდგომა. ადამიანი, რომელიც სახალხოდ (ან თუნდაც შინაგანად) ღმერთს განუდგებოდა, ქრისტეს უარყოფდა, არა უგუნურების მომენტში, არამედ შეგნებულად მიიღებდა ამ მდგომარეობას, უკვე ქრისტიანი აღარ იყო. თუ მას ეკლესიაში დაბრუნება სურდა, ყველას წინაშე უნდა ეღიარებინა თავისი ცოდვაც და სინანულიც, თავისი გადაწყვეტილებაც - მომავალში ერთგული ყოფილიყო.

მეორე ცოდვა, რომელიც აუცილებლად აშკარა აღსარებაზე უნდა თქმულიყო (თუნდაც ის საყოველთაოდ გაცხადებული არ ყოფილიყო), იყო მკვლელობა, რომელიც რადიკალურად უარყოფს სიყვარულის კანონს.

მესამე ცოდვა კი იყო მრუშობა, რაც ორ ადამიანს შორის არსებულ სიყვარულს ანგრევს.

სამივე ეს ცოდვა სიყვარულის წინააღმდეგ ჩადენილი შეცოდებებია: სიყვარული ღვთისადმი (საყვარელს ხომ არ უარყოფ და არ განუდგები), სიყვარული ადამიანისა (საყვარელს ხომ არ მოკლავ) და სიყვარული მეწყვილისადმი, რომელიც თითოეული მათგანის სიყვარულით უნდა დაცულიყო და მრუშობამ დაარღვია.

როგორც უკვე გითხარით, როცა ერთი ადამიანი ავადმყოფობს, მთელი სხეული დასნეულებულია; თუ ქრისტეს სხეულის ერთი ნაწილი განუკურნებლად დაავადდა, მთელი სხეული განუკურნებელი გახდება. ადრეულ ეკლესიაში ამას ძლიერ განიცდიდნენ, რამეთუ ყველა, ვინც საეკლესიო სათემოში იყო, იმავდროულად, უარყოფილი იყო გარემომცველი წარმართული სამყაროსგან, იდევნებოდა, სძულდათ; თუ მათ იპოვიდნენ და სიმართლე გამჟღავნდებოდა, ყველას სასიკვდილოდ გასწირავდნენ. ყველა გრძნობდა, რომ ამ ლოცვით სათემოში მდგომთაგან თითოეული მისთვის ყველაზე ახლობელი ადამიანი იყო: მამაზე, დედაზე, ძმაზე, დაზე, ცოლზე, ქმარზე, საქმროზე - ყველაზე ახლობელი, რამეთუ მათ აერთიანებდათ ქრისტე, რომლის გამოც მზად იყვნენ, ეცოცხლათ და დახოცილიყვნენ. ამიტომაც ასეთი ღია აღსარება იმ დროს ძალზე მნიშვნელოვანი იყო.

როდესაც ეკლესია აღიარეს, მითუმეტეს, როცა კონსტანტინეს დროს ის თითქმის სახელმწიფოებრივი გახდა, მისკენ გამოეშურა უამრავი ხალხი, რომელიც არასოდეს მოვიდოდა, სანამ ეს საშიშრობას უქმნიდათ; საეკლესიო სათემოც შეთხელდა. ადამიანისთვის უკვე შეუძლებელი გახდა, მთელი სათემოს წინაშე დამდგარიყო და ეთქვა:

- ძმანო და დანო, აი, რა შევცოდე წინაშე ღვთისა, - რამეთუ იმის ნაცვლად, რომ ის სიყვარულით მიეღოთ, მისთვის გული გადაეხსნათ, თანაგრძნობის ცრემლებით ჩაეკრათ გულში, ამ სათემოს უმეტესი ნაწილი (რომელიც საკუთარ თავს უწოდებდა და გარკვეულწილად ქრისტიანული იყო, მაგრამ მზად არ იყო, მოყვასისა და მეგობრისთვის საკუთარი სიცოცხლე გაეწირა) ამ ადამიანს ზურგს შეაქცევდა. ეს შეიძლება ითქვას ჩვენს და ნებისმიერ თანამედროვე სათემოზეც. თუ რომელიმე ჩვენგანი დილით, ლიტურგიის წინ ამბიონზე გამოვიდოდა და იტყოდა: „პროფესიონალი ჯიბის ქურდი ვარ", ნუთუ ფიქრობთ, რომ ყველა ჩაიხუტებდა? განა უმრავლესობის მხრიდან პირველი მოძრაობა არ იქნებოდა შეემოწმებინა, ადგილზე ჰქონდა თუ არა საფულე?

როდესაც ძველ საეკლესიო ასწლეულებში ეს ცვლილება მოხდა, შემოვიდა აღსარების ის ფორმა, რომელსაც ახლა ვიცნობთ: ადამიანი მიდის და მღვდელს თითქმის ყურში უყვება იმას, რის შესახებაც მთელი სათემოსთვის უნდა ეთქვა, რათა მისი ლოცვა, მხარდაჭერა და სიყვარული მიეღო და კვლავ მისი სრულფასოვანი წევრი გამხდარიყო. სწორედ მღვდელი წარმოადგენს იმ იდეალურ სათემოს, რომელიც უკვე აღარ არსებობს; ის კერძო აღსარება კი, რომელსაც ვიცნობთ, გვიქმნის ცრუ შთაბეჭდილებას, წარმოდგენას აღსარებაზე, როგორც კერძო საიდუმლოზე, როგორც რაღაც ისეთზე, რაც ხდება ჩემსა და ღმერთს, ანდა შესაძლოა, უფრო ხშირად, ჩემსა და მღვდელს შორის; მაშინ, როდესაც ეს საყოველთაო საეკლესიო საიდუმლოებაა, ეს ეკლესიის ერთ-ერთი სნეული წევრის განკურნებაა, რათა ეს წევრიც გამოცოცხლდეს და მთელი სხეული განიკურნოს. ძალზე მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს: აღსარება კერძო საიდუმლო კი არაა, არამედ საყოველთაო საეკლესიო ქმედება. როდესაც ეცემი, ქრისტეს სხეულს აზიანებ, ხოლო როდესაც წამოდგები, ქრისტეს სხეულს აღადგენ. ის ადამიანებიც კი, რომლებმაც შენი ცოდვების შესახებ არ უწყიან, ამ ცოდვების სიმძიმეს ზიდავენ.

მე ვიცნობდი სათემოს, სადაც მღვდელმა მართლაც შემოქმედებითი გამოცდილება შექმნა. მან თავის მრევლს შესთავაზა, აღედგინათ სახალხო აღსარება: მათ აუხსნა, ეს რას ნიშნავს, როგორ პასუხისმგებლობას იღებენ ისინი საკუთარ თავზე, თუ სხვის ცოდვას მოისმენენ და გაიხსენებენ პავლე მოციქულის სიტყვებს: „ურთიერთას სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი" (გალ. 6,2). როდესაც ადამიანი მსახურების წინ ან შემდეგ მოდიოდა, შეკრებილი ხალხის წინაშე დგებოდა, მათ წინაშე მთელ თავის ცხოვრებას გადაშლიდა, მთელ სიმახინჯესა და თავის ავადმყოფობას აღიარებდა, ადამიანები კი ღვთისმოშიში ძრწოლით უსმენდნენ: ძრწოლით იმის შესახებ, რომ შეიძლება, ადამიანი ესოდენ ღრმად დაიჭრას; ღვთისმოშიშებით იმის შესახებ, რომ მას ასე სწამს ღმერთის, მათი სიყვარულისა და ძმური დამოკიდებულების, თანაგრძნობის, რომ მზადაა, მათ წინაშე წარმოაჩინოს საკუთარი თავი, როგორიც ის არის ცხოვრებისა და სულის ყველაზე ბნელ იდუმალებაში. მაშინ მღვდელი ეკითხებოდა:

- შემიძლია მისთვის შენდობის ლოცვის წაკითხვა? მზად ხართ, საკუთარ თავზე იტვირთოთ ამ ადამიანის სიმძიმე? თუ ამ ჯვრის ზიდვაზე თანახმა არ ხართ, ვერ აღვადგენთ მას, როგორც ქრისტეს სხეულის ნაწილს. დამსწრენი ამაზე თანხმობას აცხადებდნენ და მთელი ქრისტეს ეკლესიის სახელით ეს ადამიანი შენდობას იღებდა: შენდობას ღვთისგან, რომლის წინაშეც შეინანა და ხალხისგან, რომელთა თანდასწრებითაც მოიტანა ის სინანული იმის შესახებ, რითაც ეს ხალხი დაამახინჯა და დაჭრა.

რუსული სტუდენტური ქრისტიანული მოძრაობის ერთ-ერთ ადრეულ ყრილობაზე ასეთი შემთხვევა მოხდა: მამა ალექსანდრე ელჩანინოვთან აღსარებაზე მივიდა ყოფილი რუსი ოფიცერი და უთხრა:

- მე შემიძლია, ყველა ჩემი ცოდვა ვაღიარო, შემიძლია მათი ჩამოთვლა, გონებაში ყველა ეს ცოდვა ვიცი, მაგრამ გული მთლად გაქვავებული მაქვს, არც სინანული გამაჩნია, არც კი ვწუხვარ. ვიცი, როგორც ფაქტი, რომ უღირსი ვიყავი ღვთისაც, ეკლესიისაც საკუთარი თავისაც, ჩემი მოყვარული ადამიანებისაც, მაგრამ ჩემი გული ამაზე არ რეაგირებს.

მამა ალექსანდრემ მას შესთავაზა:

- ახლა აღსარებას ნუ მეტყვი. ხვალ ლიტურგთს წინ გამოდი და მთელი ყრილობის წინაშე თქვი.

ოფიცერი დათანხმდა. როცა ყველა შეიკრიბა, ის წინ გამოვიდა და თქვა:

- მე ვიცი ყველაფერი, რითაც ღვთის, ადამიანების, საკუთარი თავის წინაშე შევცოდე, მაგრამ გული გაქვავებული მაქვს, ჩემთვის სულერთია. მსურს, თქვენ წინაშე ყოველივე ვაღიარო.

მაშინ მის ცხოვრებაში რაღაც გადამწყვეტი მოხდა. ის მოელოდა, რომ მსაჯულებივით ყველა ადგებოდა, მის აღსარებას მკაცრად მოისმენდა, როგორც მართალნი უსმენენ ცოდვილს. მაგრამ მან დაინახა, რომ შეკრება შეძრა თანაგრძნობამ, ყველას სახე და თვალები მისკენ ჰქონდა მიმართული და მან იგრძნო, რომ მსაჯულის წინაშე კი არ საუბრობდა, არამედ იმ ადამიანების, რომლებიც გულის სიღრმემდე თანაუგრძნობდნენ მას; რომლებსაც მასთან ერთად სურდათ, შეძლებისდაგვარად, დახმარებოდნენ და გადაერჩინათ. მან აღსარება დაიწყო და ქვითინი აუტყდა; შემდეგ მთელი თავისი ცხოვრება აღიარა ამ ადამიანების, თავისი მეგობრების, ამხანაგების, ნაცნობებისა და უცნობების წინაშე, რომლებიც ამ შეკრებაში მონაწილეობდნენ. მაშინ მამა ალექსანდრემ მას შენდობის ლოცვა წაუკითხა, რომელსაც თითქოს მთელი სათემო ფრთებზე ატარებდა; ადამიანი კი ამ აღსარებიდან განკურნებული გამოვიდა.

ეს უნდა გვახსოვდეს. უნდა გვახსოვდეს, რომ არავინ სცოდავს მარტო, იმ აზრით, რომ თითოეული ადამიანის ცოდვა ჩრდილად აწვება ან ჭრილობად ედება ცხოვრებაში, სულზე, ბედზე, მარადიულ ბედზე ეკლესიის თითოეული წევრისა, ცნობილისა და უცნობისა, ახლობელისა და შორეულისა, საყვარელისა და განურჩეველისა; რომ ეს საერთო ბედია. როდესაც ვინმე აღსარებაზე მოდის, მან ეს უნდა გაიაზროს. მაგრამ მათაც, ვინც რიგში მის შემდეგაა, უნდა გაიაზრონ, რომ ადამიანი მღვდელთან აღსარებაზე მიდის, რამეთუ მათ შეუძლიათ, ეს სიმძიმე იტვირთონ; რომ მღვდელი მსხვერპლივით დგას და ვალდებულია, საკუთარ თავზე იტვირთოს ამ აღსარების მთელი საშინელება; მისი შემდეგი, კიდევ შემდეგი და ყოველი შემდეგი, რამეთუ ტაძარში მდგომთაგან არავის, რიგში მდგომთაგანაც კი ეს არავის ძალუძს. რა ხშირად არ გვესმის ჩვენ ეს, საერთოდ არ გვესმის!

მახსოვს, აღმსარებელთა რიგიდან ერთი ხანდაზმული ადამიანი მომიახლოვდა, ანალოღიის წინ დადგა და მითხრა:

- მამა ანტონ! აღსარებამდე მინდა გითხრათ, რომ მთლად გაცოფებული ვარ იმ ქალზე, რომელმაც ჩემ წინ გითხრათ აღსარება. მათ ყველა ათი წუთით შეგვაყოვნა!

- დამშვიდდი, - ვუთხარი მე, თან საათი ამოვიღე და ანალოღიაზე დავდე.

მან აღსარება მითხრა, თან ტიროდა, ამბობდა იმას, რისი თქმაც სურდა, შემდეგ მუხლებზე დაჩოქება დააპირა. მაშინ ვუთხარი:

- არა, კოლია. შენ აღსარებას 20 წუთის განმავლობაში ამბობდი; მაშ, მადი და შენდობა სთხოვე ყველას, ვინც შენ შემდეგ დგას რიგში, შემდეგ კი მოდი და შენდობის ლოცვას წაგიკითხავ.

რასაკვირველია, ეს წვრილმანი იყო. მაგრამ ვფიქრობ, რომ თითოეულ ჩვენგანს ეხება, რადგან ძალიან იშვიათად ვინმე (ვეჭვობ, რომ არავინ!) რიგში მდგომთაგან, წინამორბედის ხანგრძლივი აღსარებისას არ ფიქრობდეს: „ღმერთო ჩემო, როდის დასრულდება ეს?" ეს უნდა გავაცნობიეროთ. ამ კონტექსტში უნდა ვილოცოთ მუდამ, სანამ ჩვენს რიგს ველოდებით, თითოეული ადამიანისთვის, რომელიც ახლა დგას თავისი სინდისისა და ღვთის სამსჯავროს წინაშე. ჩვენ რომ თითოეულისთვის ასე ვლოცულობდეთ, ვინც ჩვენზე წინ ამბობს აღსარებას, მაშინ დრო არ გაიწელებოდა, ღვთის სახის წინაშე ვიდგებოდით შემუსვრილი გულითა და თანაგრძნობით და მივუახლოვდებოდით იმის შესაძლებლობას, რომელზეც გესაუბრებოდით; მივიღებთ სხვის აღსარებას, გავიგებდით სხვის ცოდვებს და არა მხოლოდ არ განვიკითხავდით, არამედ როგორღაც ჯვარივით ვიტვირთებდით და ვზიდავდით კიდევაც მას.

იმიტომ, რომ როდესაც სათემო აღსარებას ისმენდა, ის არა მხოლოდ ისმენდა და ლოცულობდა. დიახ, მას ეს ადამიანი უნდა მიეღო, როგორც სათემოს განახლებული წევრი, მაგრამ შემდეგ მას უნდა გაფრთხილებოდა, დაეცვა, ზოგჯერ ემკურნალა კიდეც მისთვის, რამეთუ განკურნება უცაბედი მოვლენა როდია. შეიძლება, ადამიანმა ცოდვები შეინანოს, მაგრამ, ამასთან ერთად, ჯერ კიდევ დასუსტებული იყოს, მასში კიდევ იყოს შესაძლებლობა, ამ ცოდვებს დაუბრუნდეს.

აქ ძალზე მნიშვნელოვანია იმის ხსოვნა, რომ „შენდობა" და „დავიწყება" სრულიად სხვადასხვა რამაა. ამას კიდევ ერთი მაგალითით განგიმარტავთ. ჩვენს მრევლში იყო ერთი ქალი, რომელიც მემთვრალე გახდა. მის გონზე მოყვანას სხვადასხვა საშუალებით ცდილობდნენ, ბოლოს კი საავადმყოფოში მოათავსეს. მან იქ მრავალი წელი გაატარა და განკურნეს, გამოფხიზლდა და შინ დაბრუნდა. გახარებულმა შინაურებმა მაგიდაზე ერთი ბოთლი ღვინო დადგეს. სწორედ ეს იყო დასასრული: პირველივე ყლუპის შემდეგ ის კვლავ ძველ ვნებას დაუბრუნდა. აქ შეიძლება დავინახოთ განსხვავება სიტყვებში - „შენდობა" და „დავიწყება". „შენდობა" ნიშნავს, ერთის მხრივ: მეხსიერებაში არ ვინახავ შენს საწინააღმდეგო წარსულს, გიღებ ისეთს, როგორიც სინანულის შემდეგ ხარ, საკუთარ მხრებზე გიტვირთავ დაკარგული ცხვარივით, ანდა ჯვარივით, რომელზეც უნდა აღვესრულო. „დავიწყება" კი ნიშნავს, არ გაუფრთხილდე ადამიანს, რომელსაც ჯერ კიდევ სჭირდება თანადგომა, რომელიც, მართალია, გამოჯანმრთელდა, მაგრამ ჯერ კიდევ გონს უნდა მოვიდეს.

მცირეოდენი უკვე გესაუბრეთ მღვდლის როლის შესახებ. ის დგას, როგორც მთელი ეკლესიის წარმომადგენელი და არა, როგორც „მამა ესა და ეს": აღსრებას მასთან როდი ამბობ. აღსარების წინ მღვდჯოი მონანულს ეუბნება: „ჰე, შვილო, ქრისტე უხილავად მყოფობს და შენს აღსარებას ისმენს, ნუ შედრკები, ნუ შეგეშინდება ჩემი, არამედ მთელი სიმართლე აღიარე, ის, რაც სულში გაქვს, და თავად უფლისგან მიიღებ შენდობას; მე მხოლოდ მოწმე ვარ..." ამაში არის მთელი რიგი მომენტებისა, რომელზეც დაფიქრება ღირს. ჯერ ერთი, ნათელია, რომ მოხვედი და აღსარებას ეუბნები ქრისტეს და არა მღვდელს. შენ ანალოღიის წინ დგახარ, რომლზეც დაბრძანებულია მაცხოვრის ხატი ან ჯვარი სახარებასთან ერთად. მღვდელი გვერდით დგას: შენს სათქმელს ქრისტე მაცხოვარს ეუბნები მღვდლის გასაგონად, რომლისგანაც მოელი თანადგომას, დახმარებას, მაგრამ არა შენდობას, რომლის მოცემაც მას პირადად შეეძლებოდა. ამიტომაც, ამ დამოძღვრის მოსასმენად საჭიროა, აღსარების დაწყებამდე წუთით შეჩერდე და ქრისტეს წინაშე წარსდგე. არა ქრისტეს წინაშე, რომელიც შენ მიღმა დგას, არამედ შეხვიდე შიგნით, შენი სულის იმ იდუმალ ტაძარში, სადაც ქრისტესთან პირისპირ შეხვედრას შეძლებ.

მღვდლის დამოკიდებულება იმასთან, რაც ესმის, კვლავ ორმხრივია. ერთის მხრივ, მას შეუძლია ძრწოლით მოისმინოს ის, რასაც ეუბნებიან. არსებობს ბნელი ცოდვები, ბინძური ცოდვები, სულისშემძვრელი ცოდვები. პირველი ადამიანი, რომელიც ჩემთან აღსარებაზე მოვიდა, მკვლელი იყო... ერთი ჩემი უახლოესი მეგობარი მღვდელი გახდა და მას შემდეგ, რაც პირველად აღსარება მიიღო, მთელი ღამე ბოლთას სცემდა, რადგან თავს ვერ აღწევდა იმ ძრწოლას, რომელმაც მოიცვა მის მხრებზე დამხობილი ცოდვების გამო. მაგრამ, მეორეს მხრივ, მღვდელს არ შეუძლია, არ გაოცდეს, ღვთისმოშიშება არ ჰქონდეს იმის წინაშე, რომ ადამიანს ესოდენ უყვარს სიმართლე, პატივს სცემს მას; სურს, ქრისტემ მიიღოს და მისი მეგობარი გახდეს; რომ მზად არის, სახალხოდ, თუნდაც ერთ ადამიანთან პირისპირ გაამხილოს თავისი წყვდიადი, უჩვენოს თავისი სიბინძურე, საკუთარი სულის მთელი საშინელება. ამ ორ ზღვარს შორის: ღვთისმოშიშ თრთოლას ადამიანის დიდებულების წინაშე (რომელიც მზადაა, თავი დაიმციროს იმისთვის, რომ განიკურნოს) და ძრწოლისა იმის წინაშე, რაც ცხოვრებამ, ბოროტებამ, დემონმა აღასრულეს ამ ადამიანზე, მღვდელი დგას, როგორც მოწმე, როგორც ადამიანი, რომლის სიყვარულიც მოიცავს აღმსარებელს. როგორც უკვე გითხარით, ის მას გზააბნეული ცხვარივით იღებს, რომელიც უნდა ზიდოს, სანამ ცათა სასუფევლის კარებამდე მაინც არ მიიყვანს, ანდა ქრისტე მაცხოვრის ფეხებთან, როგორც შეპყრობილი ყრმის მამამ მოყვანა ვაჟი მაცხოვართან. ანდა ის მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, მიიღოს, როგორც ჯვარი, რამეთუ უწყის, რომ ეს ადამიანი სიცოცხლის ბოლომდე (არა თავისი, არამედ მისი, სამღვდელო სიცოცხლის) იქნება ჯვარი, რომელზეც ის იქნება ჯვარცმული - ჯვარცმული ძრწოლითა და თანაგრძნობით, თავისი უძლურებით ადამიანის გადარჩენისთვის.

ეს ჩემი სიტყვები როდია. ძველად რუსულ ეკლესიაში აღმსარებელი, აღსარების შემდეგ შენდობის ლოცვის წაკიოხვის შემდგომ მღვდელს მხარზე ხელს ადებდა, მოძღვარი კი ამბობდა:

- წარვედ მშვიდობით, შენი ცოდვები ახლა ჩემზეა.

გესმით, ეს რას ნიშნავს! ეს გამოხატავს მზადყოფნას, სიცოცხლის ბოლომდე ზიდოს ამ ადამიანის ბედი, როგორიც არ უნდა იყოს ის. ეს აუტანელი და განუხორციელებელი იქნებოდა, იმავდროულად მღვდელმა რომ არ იცოდეს, რომ ზიდავს ამ ადამიანის ჯვარს, როგორც სვიმონ კვირინელი ქრისტეს მისი ჯვრის ზიდვაში ეხმარებოდა: მაგრამ საბოლოო ჯამში, ჯვარსაც და აღმსარებელსაც, თვითონ მღვდელსაც და ურიცხვ ხალხსაც თავად ქრისტე მაცხოვარი ზიდავს.

აღსარებაზე რომ ამგვარ კატეგორიებში ვფიქრობდეთ, აღსარებაზე ისე არ მივიდოდით, როგორც ხშირად ადამიანები სასოწარკვეთილნი მიდიან. მათ ზიარება სურთ და „იციან", რომ ამისთვის აღსარება უნდა თქვან. საიდან იციან? - უბრალოდ, საეკლესიო ჩვეულებიდან: ასეთი აბსოლუტური საეკლესიო წესები არ არსებობს. ისინიც აღსარებაზე მიდიან და მღვდლის წინაშე ამოალაგებენ ყველაფერს, რაც ახსოვთ. საკუთარ თავს არ უსვამენ კითხვას: რა მაშორებს ღმერთთან? რატომ ვარ ასე შორს უფლისგან? რატომ ხდება, რომ ლოცვის დროს ცარიელ ზეცას შევღაღადებ? რატომ არასოდეს მენთება ცეცხლი გულში? რატომ ვარ ესოდენ ცივი მოყვასისადმი? რატომ არ შემიძლია მცირეოდენი წყენის მიტევება მაინც? რატომ ვარ ესოდენ გულგრილი გარშემომყოფი ან შორეული ადამიანების ბედისადმი? რატომ მაქვს მთელი ყურადღება მიპყრობილი მხოლოდ საკუთარი თავისადმი და ნებისმიერ სხვა ადამიანს ზედაპირულად ვეხები ანდა გარეული ცხოველივით კბილებით ვაფრინდები და მსხვერპლად ვხდი? რატომ ვარ ასე გაყინული შინაგანად? რატომ მოკვდა ჩემი ყველაზე ამაღლებული სწრაფვები, რომლებიც კი ოდესმე მქონია? რატომ?.. ამ კითხვებს ადამიანები უმეტესწილად არ სვამენ და მოდიან ისეთი აღსარებით, რომელიც მაშინ ექნებოდათ, ბავშვები რომ ყოფილიყვნენ, მაგრამ არაფრით შეესაბამება ზრდასრულ მორწმუნე ქრისტიანებს.

და კიდევ (შესაძლოა, ეს ძალზე მნიშვნელოვანიცაა): ჩვენ ძალზე ხშირად ვინანიებთ ზედაპირულად, ანუ ვწუხვართ იმაზე, რომ არასრულყოფილნი ვართ, რომ არ ვართ ისეთნი, როგორნიც უნდა ვიყოთ, - და მაშიზვე ვამატებთ თავის მართლებას:

- რას უნდა მოელოდეთ ჩემგან? უკვე მოხუცი ვარ. ჩემს ახალგაზრდობაში მოხდა რევოლუცია, შემდეგ სამოქალაქო ომი, რასაც მოჰყვა დევნილება, შიმშილი, სიცივე, მარტოობა, მიტოვებულობა. როგორც კი ცხოვრებამ გამოსწორება დაიწყო, ახალი სიძნელეები გამოჩნდა, ახალი უსიამოვნებები დაგვემართა: როგორ უნდა მოელოდეთ, რომ ვიქნები მომთმენი, დინჯი და ა.შ?

განა ამას არ მივყავართ იქითკენ, რომ ვთქვათ:

- დიახ, მე ცოდვილი ვარ, მაგრამ ყველაფერში დამნაშავე მხოლოდ ღმერთია. მას რომ დავეცავი რევოლუციისგან, სამოქალაქო ომისგან, დევნილებისგან და ა.შ. შესანიშნავი ადამიანი ვიქნებოდი.

რამდენჯერმე ასეთი აღსარების მოსმენისას ადამიანს ვეუბნებოდი:

- სანამ შენდობის ლოცვას წაგიკითხავდეთ, ხმამაღლა თქვით, რომ ღმერთს პატიობთ ყველაფერს, რასაც მას აყვედრით. რამეთუ აღსარება ღმერთთან შერიგების მომენტია. თქვენ ელოდებით შერიგებას მისი მხრიდან, მაგრამ თავად მისი მეგობარი ვერ გახდებით, სანამ მიგაჩნიათ, რომ ის პასუხისმგებელია თქვენს ცხოვრებაში მომხდარი ყველა ბოროტებისთვის.

დიახ, ეს ასეა. ჩვენ ამ აზრს მიჩვეულნი არ ვართ, მაგრამ შენდობის ლოცვის მისაღებად ღმერთთან შერიგებაა საჭირო საბოლოო ჯამში, მკვეთრად რომ ვთქვათ, უფალს უნდა შევუნდოთ ის, რაშიც საკუთარ დანაშაულს კი არ ხედავთ, არამედ „ბედისა", და შეუნდოთ იმ ადამიანებს. რომლებიც პასუხისმგებლებად მიგაჩნიათ იმაში, რომ თქვენ დამძაღდით, შთაგონება დაკარგეთ. ისეთი გახდით, როგორადაც საკუთარ თავს ხედავთ იმ მომენტში, როდესაც თქვენი თავის წინაშე პატიოსანი ხართ.

ახლა არ ვისაუბრებ იმაზე, როგორ უნდა თქვათ აღსარება და როგორ დაიწყოთ ცოდვათა შენდობის შემდეგ ახალი ცხოვრება - ეს ძალიან ხანგრძლივი საუბარი იქნებოდა. მაგრამ მსურდა თქვენ წინაშე ეს ძირითადი საკითხები დამეყენებინა, რამეთუ ძალიან ხშირად ადამიანი აღსარებაზე მოდის მხოლოდ იმიტომ, რომ ზიარება სურს; აგროვებს ერთ მუჭა ცოდვებს, რათა ისინი მღვდელს გადასცეს, როგორც შენდობის მიღების საფუძველი. თუ შესაძლებელია ასეთი არასაღვთისმეტყველო მაგალითის მოცემა: როგორც ავი ძაღლის გვერდით გავლისას ძვალს უგდებ, რათა გაიარო, სანამ ცხოველი ძვალს გახრავს.

მაგრამ მაშინ ისმის საკითხი იმის შესახებ, რა კავშირია აღსარებასა და ზიარებას შორის. ამის შესახებაც მსურს რამდენიმე სიტყვის თქმა.

ძველად აღსარების შესახებ მისი ნებისმიერი ფორმით საუბრობდნენ, როგორც განბანვაზე, აბანოზე; ზიარებას კი უყურებდნენ, როგორც საკვებს. ახლა კი გაიგეთ, რა კავშირია განბანვასა და კვებას შორის. თქვენ მინდორში მუშაობდით და შინ დასვრილი დაბრუნდით: დაუბანელი მაგიდასთან არ მიხვალთ. მაგრამ ზოგჯერ იმდენად დაღლილი ხართ, რომ დაბანის ძალა აღარ გაქვთ. ჯერ რაღაც უნდა შეჭამოთ და მხოლოდ შემდეგ შეძლებთ აბანოში დასაბანად წასვლას. ვფიქრობ, ეს ძალზე შესაფერისი მაგალითია. ზოგჯერ ძალიან ღრმად უნდა შევინანოთ და, შესაძლოა, არაერთგზის, არამედ რამდენჯერმე, სანამ წმიდა საიდუმლოებებს მივიღებდეთ. არცთუ იშვიათად დამჭირვებია თქმა:

- შენ მოინანიე, მაგრამ ზედაპირულად. შენი სინანული მსუბუქია. ჯერ კიდევ მთელი გულით არ გაგიაზრებია ის, რაც სიტყვებით გადმოეცი; საკუთარ თავში ჯერ კიდევ ბევრი რამ ვერ გაგიგია. წადი სახლში, ღრმად ჩაუფიქრდი საკუთარ სულსა და ცხოვრებას, კვლავ და კვლავ მოდი აღსარებაზე. ხოლო როცა მზად იქნები, მაშინ ეზიარე.

მაგრამ ზოგჯერ ამას ვერ ეტყვი, როდესაც ადამიანი ჯერ უნდა შეხვდეს ქრისტეს ისე, როგორც ვერცერთი რიტუალი და ვერცერთი ადამიანი ვერ შეძლებს, მასთან პირისპირ შეხვედრა აიძულოს. ასეთ შემთხვევებში მღვდელს შეუძლია უთხრას:

- ღრმა აღსარებისთვის ჯერ არ მომწიფებულხარ, რამეთუ ქრისტე შენთვის ჯერ კიდევ არასაკმარისად რეალურია; უნდა შეხვდე მას; მხოლოდ მას ძალუძს, შენში შვას ის მაცხოვნებელი სინანული, რომელიც ახალი ცხოვრების დასაწყისი იქნება. მიდი და ეზიარე. მაგრამ არა იმიტომ, რომ ამის უფლება გაქვს, არამედ იმისთვის, რომ მომაკვდავი ხარ და სიცოცხლის წყაროს უნდა ეზიარო. ეზიარე და შემდეგ დაიწყე სინანული.

ეს ფანტაზია კი არა, რეალობაა.

ამიტომაც ჩვენ აქ უკვე ძალზე დიდი ხანია, გავაცალკევეთ აღსარება და ზიარება. მღვდელი აღსარებას ისმენს და შეუძლია, წაუკითხოს ან უარი უთხრას შენდობის ლოცვაზე. მას შეუძლია მოითხოვოს, რომ ადამიანი ზიარების წინ ხშირად მოვიდეს აღსარებაზე. მაგრამ შეიძლება ისე მოხდეს, რომ ადამიანს უთხრათ:

- ეზიარე! დღეს ეზიარე, თუმცა კი ჯერ არ მომწიფებულხარ; მაგრამ მხოლოდ ქრისტეს ნათელი, რომელიც გაიბრწყინებს შენს გულსა და შემეცნებაში და შენს ხორცსაც კი გამსჭვალავს, შეგაძლებინებს იმის დანახვას, რისი დანახვაც ახლა არ შეგიძლია.

ზოგჯერ კი შეიძლება, ადამიანს უთხრა:

- გაკურთხებ, ეზიარო საკურნებელად სულისა და ხორცისა, რათა შემდეგ სინანული და ახალი ცხოვრების დაწყება შეძლო.

თარგმნა ხათუნა რაქვიაშვილმა

წიგნიდან: მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი
„აღსარების შესახებ", თბილისი, 2011 წ.


კატეგორია: წერილები | ნანახია: 2553 | დაამატა: თორნიკე | ტეგები: - აღსარება, სუროჟელი, ანტონ, მიტროპოლიტი, როგორც, კურნება | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0









© 2024 WWW.WAMI.UCOZ.COM |
საიტი შექმნილია uCoz სისტემაში

shegivwyalen upalo agsdga qriste mociqulta tavno აღავსე ილია მეორე - მამაო Marradi - წმ -- Dreams აღმაშენებელის - This big Giovanni Marradi - This little big Little love Giovanni - Amor amor Maradi ლოცვა - Melanxolia - წმ ილია ტროპარი - წმ ნინოს Richard დღეს Nostalgia Clayderman - Time Goodbye Richard Clayderman - Time To Say Go SaY To - Passion - ღვთისმშობელო RICHARD CLAYDERMAN - Passion for time us ილია მეორე - კურთხეულ - A golden Golden_melody-A_time_for_us melody - მოციქულთა - გვირგვინი წმიდა - სიყვარულისათვის ასური !!! წმინდა ბარბარეს ბარბარობას gilocavT natligebas - აღსარება ანტონ პატრიარქის ? ratom aris mamakacis qali არის (შუშანია) ალექსი ახალ არასწორი არასწორი ხალხური გამოთქმები და წარმ ბარბარე დიდმოწამე განმარტება - ალილუია - ამინ - კოსმეტიკა ბერი პაისი - კოსმეტიკა ლაქაა ღვთის - საკუთარი ბრიანჩანინოვი ბერი პაისი - ბავშვებს ათონელი - ანტიფონი შესახებ - საქართველოს გაბრიელი ბაბილონი (შესაძლებელია თუ არა ქვიშით ნათლობა ადამიანების აღსარება 23 23 ივნისი ცხოვრება 17 17 წლის ბერი ანდრიას ცხოვრება ანდრიას გილოცავთ