მადლი / madli - 26 აგვისტოში 2010 - - † წამი: წარსული. აწმყო. მომავალი. იმედი!
† Wami.uCoz.Com


მენიუ

ხმის მიცემა
დადიხართ წირვა ლოცვაზე?
სულ პასუხი: 40

მენიუ †


სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0








მთავარი » 2010 » აგვისტო » 26 » მადლი / madli
1:11 AM
მადლი / madli



მადლი ანუ სიყვარული, კაცთათვის უფლის მიერ ნაბოძებ ყველა წყალობაზე დიდია და ყველაზე მეტად მოსაფრთხილებელი. უფალმა სიყვარულით შექმნა კაცი, ამიტომ ცოდვით დაცემის მიუხედავად, ადამის მოდგმას არასოდეს მოკლებია მისი წყალობა.

მადლი უფლისა განსაკუთრებით გადმოვიდა ღვთის რჩეულ ერზე - ისრაელზე. მადლშემოსილნი იყვნენ აბრაამი, ისააკი, იაკობი, იოსები, რჯულის შემქმნელნი და წინასწარმეტყველები. მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ძველი აღთქმის წიგნების მიხედვით, მადლი ადამიანის არსის განახლებას კი არ იწვევდა, არამედ უფრო ნიადაგს ამზადებდა სრული ძალით ამოქმედებისათვის ახალი აღთქმის წიგნებში.

იოსებზე გადმოსული წყალობა ღვთისა შეუმჩნეველი არ დარჩა თვით მის ბატონს, წარმართ ეგვიპტელსაც კი. „პოვა იოსებ მადლი წინაშე უფლისა თვისისა და სათნო-ეყო მას" (დაბ. 39,4), რის გამოც ფარაონის კარისკაცმა ებრაელი მონა ზედამხედველად დაადგინა და სრული ნდობაც გამოუცხადა.

როცა ქორების მთაზე თავად შემოქმედი აალებული მაყვლოვანის სახით გამოეცხადა მოსეს და თავისი ნება აუწყა ისრაელის ეგვიპტიდან გამოსვლის თაობაზე, დაჰპირდა მას, რომ მადლს უბოძებდა თავის საყვარელ ხალხს და ხელცარიელს არ გამოიყვანდა უცხოთა ჩაგვრის უღლიდან: „და მოვსცე მადლი ერსა ამას წინაშე მეგვიპტელთა და, რაჟამს გამოხვიდოდით, არა გამოხვიდეთ ცალიერნი" (გამოსვ. 3,21). მართლაც, ღვთაებრივი ძალის ზემოქმედებით ეგვიპტელები გულუხვობისათვის განეწყვნენ და ისრაელიანებს ნებით დაუთმეს ძვირფასი ნივთები, რაც კი ჰქონდათ.

როგორც მოხმობილი მაგალითები გვიმტკიცებენ, მადლი ძველ აღთქმაში მართლაც ნიადაგს ამზადებს თავისი ძალის სრულად წარმოჩენისათვის ახალი აღთქმის წიგნებში.

იოანე ღვთისმეტყველის მიხედვით კაცობრიობას „შჯული მოსესაგან მოეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტება ქრისტე იესუჲს მიერ იყო" (1,17).

ღვთის წყალობათა შორის მართლაც რომ ყველას აღემატება მადლი და ჭეშმარიტება. ძველი აღთქმის ყველაზე დიდებულმა კაცმა მოსემ თავის ერს მხოლოდ ღვთისგან ნაკარნახევი სჯული მისცა, რომელიც ზნეობრივ მოთხოვნებს კი აყენებდა, მაგრამ არ იძლეოდა ძალას მათი აღსრულებისათვის, რადგან არ ანადგურებდა კაცთათვის დამახასიათებელ მემკვიდრეობით მიდრეკილებას ცოდვისაკენ. ამასთან, მოსე მხოლოდ მსახური, პასიური იარაღი იყო ღმერთის ხელში, მაშინ როცა ახალი აღთქმის შესახებ ნათქვამია, რომ იგი უშუალოდ ქრისტესაგან წარმოიშვა.

ღვთის ხორცშესხმული სიტყვა, იესო ქრისტე, სავსე იყო მადლით, ე.ი. ღვთაებრივი სიყვარულითა და გულმოწყალებით ადამის მოდგმის მიმართ:

და სიტყუაჲ იგი ხორციელ იქმნა და დაემკვირდა ჩუენ შორის და ვიხილეთ დიდებაჲ მისი, დიდებაჲ ვითარცა მხოლოდშობილისაჲ მამისა მიერ, სავსე მადლითა და ჭეშმარიტებითა" (იოანე 1,14).

არა მხოლოდ ქრისტეს უშუალო მოწაფეებმა, მოციქულებმა, არამედ ყველა მორწმუნემ მიიღო მადლი მისი ღვთაებრივი სიკეთის სავსებისაგან: „რამეთუ სავსებისაგან მისისა ჩვენ ყოველთა მივიღეთ მადლი მადლისა წილ" (იოანე 1,15).

როგორც ფიქრობენ, აქ მითითება უნდა იყოს წყალობათა ერთი სახის სხვა, უფრო და უფრო მაღალი სახის წყალობით შეცვლაზე, რომელიც გრძელდება მანამ, სანამ ადამიანი არ მიიღებს უმაღლეს მადლს - სული წმიდას, რასაც შედეგად მისი განღმრთობა მოჰყვება.

მოკვდავად დაბადებულთა შორის ყველაზე მეტად ქალწული მარიამი გახდა ღირსი უფლის განსაკუთრებული წყალობისა. „გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა" - მიმართავს გაბრიელ მთავარანგელოზი ღვთისმშობელს და მართლაც, ენა უძლურია გამოთქვას იმ მადლის სიდიადე, რომელიც მას ზეციდან ებოძა (ლუკა 1,28). „უფალი შენ თანა" - ეუბნება მარიამს მთავარანგელოზი და ეს მხოლოდ სურვილი როდია, არამედ დამოწმება ჭეშმარიტი ფაქტისა, რადგან უფალი მართლაც იმყოფება მარიამთან.

„ნუ გეშინინ, მარიამ, რამეთუ ჰპოვე მადლი წინაშე ღმრთისა" - ეს სიტყვები მთავარანგელოზისა (ლუკა 1,30) ცხადყოფს, რომ ქალწული განსაკუთრებულ სათნოებათა შედეგად, სულიერი თვისებების - რწმენის, მორჩილებისა და სიწმინდის წყალობით შემოქმედის რჩეულად იქცა და უმაღლესი მადლიც მოიპოვა.

ღვთისაგან გამოსული მადლის ძალით ქადაგებდნენ მოციქულები ქრისტეს მოძღვრებას. მოციქულთა თავი პავლე კორინთელთა მიმართ მიწერილ პირველ ეპისტოლეში ამბობს: „ხოლო მადლითა ღმრთისათა ვარ, რაჲ იგი ვარ; და მადლი იგი მისი, რომელი ჩემდა მომართ იყო, არა ცუდად რაჲ იყო, არამედ უმეტეს მათ ყოველთასა დავშუერ, არა მე, არამედ მადლი იგი ღმრთისაჲ, რომელი იყო ჩემ თანა" (1 კორ. 15,10). ქრისტიანული თავმდაბლობით განმსჭვალული პავლე თავის თავს მოცქულთა შორის უმდაბლესად მიიჩნევს, მაგრამ ამავე დროს არ ივიწყებს იმასაც, რომ საღვთო საქმეთა აღსრულებისას მუდამ შველოდა მადლი უფლისა, რომლითაც იგი იმ დღეს აღივსო, როცა ქრისტესკენ მოექცა, ვისგანაც „მივიღეთ მადლი და მოციქულებაჲ დასამორჩილებელად სარწმუნოებისა ყოველთა წარმართთა სახელისა მისისათვის" (რომ 1,5).

რომაელთა მიმართ მიწერილ ეპისტოლეში მოციქული პავლე გვასწავლის, რომ ადამიანებს ცოდვებისაგან განმართლება საჩუქრად, უსასყიდლოდ მიეცა, ყოველგვარი პირადი დამსახურების გარეშე, „ხოლო განმართლდებიან უსასყიდლოდ მადლითა მისითა და გამოხსნითა მით იესუ ქრისტესითა" (რომ. 3,24). ე.ი. ღმერთმა ჩვენ თავისი მადლით, ანუ სიყვარულით დაგვაჯილდოვა, რომელიც განმართლების წყაროდ იქცა ცოდვის უღლით გატანჯული კაცობრიობისათვის. ქრისტემ, ადამის პირველსახემ, საკუთარი სისხლით გვიხსნა ცოდვის ტყვეობისაგან. მის მიერ მონიჭებული წყალობა ფარავს და აქარწყლებს ადამისა და მისი მოდგმის ზნეობრივ დაცემას, რადგან მადლი უფრო ძლიერია, ვიდრე ცოდვა; ადამის ცოდვა წარიხოცება, ქრისტეს მიერ ნებით გაღებული მსხვერპლის ძალა კი მუდამ იარსებებს:

„არამედ არა ვითარ შეცოდებაჲ და ეგრეცა მადლი, რამეთუ უკეთუ ერთისა მის შეცოდებითა მრავალნი მოსწყდეს, რაოდენ უფროჲს მადლი იგი ღმრთისაი და ნიჭი იგი მადლითა მით ერთისა მის კაცისა იესუ ქრისტესითა მრავალთა მიმართცა აღემატა" (რომ. 5,15).

მადლი უფლისა ადამიანებს სული წმიდის მეშვეობით ეძლევა (რომ. 5,5). ის, ვინც ნაზიარებია სულიწმიდას, ამავე დროს ნაზიარებია მადლსაც. შეიძლება ითქვას, რომ მადლი სული წმიდის ძალაა, რომელიც იმყოფება და მოქმედებს ადამიანში. სული წმიდის ძალით, მის წყალობათა შედეგად სრულყოფის კიბეზე უფრო და უფრო მაღლდებიან ჭეშმარიტების მაძიებელნი. იგი მარადიულად გასცემს მადლს, მაგრამ ისე, რომ თავად არასოდეს აკლდება და მარადიულად სრული არც ძალთა განახლებას საჭიროებს. როგორც ბასილი დიდი წერს, მზის სხივთა მსგავსად სული წმიდის მადლი ყველაზე ერთნაირად იღვრება, მაგრამ ყველას როდი აქვს ერთნაირად უნარი მისი მიღებისა. მადლის მიღება ნიშნავს არა სული წმიდის ფიზიკურ მიახლოებას კაცთან, არამედ იმ ვნებათა განდევნას, რომელიც კაცის სულში მისი მატერიალური სხეულით შემოსვის შედეგად შემოვიდნენ. სული წმიდა განაბრწყინებს ბიწიერებათაგან განბანილებს და თავის თავთან ზიარებით სულიერებად აქცევს. სულიერობით ნათელშემოსილებს კი უკვე თავადაც შეუძლიათ მიღეული მადლის სხვებისათვის განაწილება, ისევე როგორც ელვარე და გამჭირვალე სხეულს მასზე დაცემული სხივის არეკვლით ახალი სხივის წარმოშობა (ბასილი დიდი, „სული წმიდის შესახებ").

სული წმიდისაგან მონიჭებული მადლის წყალობით წინასწარ ჭვრეტდნენ მომავალს წინასწარმეტყველნი, ღვთის საიდუმლოებათა მოაზრებას აღწევდნენ სჯულის შემქმნელნი. უშუალოდ სული წმიდაზეა დამოკიდებული ნიჭთა დარიგება, სასუფეველში მოხვედრა, ღვთის დამსგავსება და ბოლოს კაცთათვის ყველაზე სასურველი მიზანი - განღმრთობა.

პავლე მოციქულის მიხედვით მამა ღმერთი მოქმედებათა განმანაწილებელია, ძე - მსახურებათა, ხოლო სული წმიდა - მადლისა. „ხოლო განყოფანი მადლთანი არიან და იგივე სული არს" (1 კორ. 12,4).

მადლის განაწილების ჟამს სული წმიდისაგან ზოგს ბრძნადმეტყველების ნიჭი ეძლევა, ზოგს მეცნიერებისა, ზოგს მტკიცე რწმენისა და კურნების ძალა, სხვას წინასწარმეტყველებისა და სასწაულთა მოხდენის უნარი, ვის კიდევ ენათა ცოდნა და ენათა განმარტების შესაძლებლობა. სული წმიდით აღვსებული მოციქულები სხვადსხვა ენაზე ალაპარაკდნენ (საქმე 11,2).

„ამას ყოველსა შეეწევის ერთი და იგივე სული, განუყოფს თითოეულად კაცად-კაცადსა ვითარცა ჰნებავს" (კორ. 12,11).

სული წმიდისაგან მიღებული მადლის ძალით შემოქმედის დიდებულ საგალობლებს თხზავდნენ ღმერთშემოსილი მამები. შემთხვევით როდი ეწოდათ სული წმიდის ქნარი ჰომნოგრაფთა შორის აღმატებულ სირიელ აფრემს და მოციქულთა შორის სოტყვის ძალით გამორჩეულ პავლეს. სული წმიდისაგან მიღებული მადლის ძალით იქადაგა მოციქულთა სწორმა წმიდა ნინომ საქართველოში ქრისტიანობა, ამიტომაც მივმართავთ სადიდებელ ტროპარში ქართველთა განმანათლებელს - „სულისა წმიდისა ქნარო ნინო".

არა მხოლოდ ახალი აღთქმის წიგნები, არამედ მსოფლიო ეკლესიის მოძღვართა თხზულებანიც სული წმიდის მიერაა შთაგონებული. კესარიის ეკლესიაში ღვთის ბრძანებით შესულმა ეფრემ ასურმა საკურთხევლის საფეხურზე მდგომი არქიეპისკოპოსი იხილა, რომელიც ქადაგებდა. მას მხარზე, თითქოს ყურში უჩურჩულებსო, თოვლივით თეთრი მტრედი ეჯდა, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ ბასილი დიდის ჰომილიები სული წმიდის კარნახით იქმნებოდა. ეფრემ ასურის თქმით, ამ დროს მთელი ეკლესია მადლის ღვთაებრივი ბრწყინვით ყოფილა გასხივოსნებული.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, წყალობათა მრავალი სახის მიუხედავად, არსებობს მათი წარმოშობის ერთი საერთო წყარო - სული წმიდა. მადლის განაწილებისას იგი მოქმედებს „ვითარცა ჰნებავს" (კორ. 12,11), ე.ი. თავისი ძირითადი თვისებების მიხედვით, რომელიცაა სიბრძნე, სიკეთე და სამართლიანობა. ხშირად ბუნებით ნიჭიერი კაცი ვერ ხდება ღირსი სულიერი წყალობის მიღებისა, ამიტომ მისი საქმე თუ სიტყვა უმადლოა, ღვთის სამსახურისთვის სრულიად უვარგისია, ხშირად საპირისპიროც კი, მაშინ როცა მორწმუნე მეზვერე სული წმიდისაგან მინიჭებული მადლის წყალობით მახარებლად იქცა (მათე 9,9), მეთევზე - ღვთისმეტყველად (მათე 6,6), ხოლო ქრისტეს მდევნელი - მიციქულად (საქმე 9,15).

სული წმიდა მადლს იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის ჟამს გამართულ სამსავროზედაც გაანაწილებს, მართალთ ნიშნად წყალობისა გვირგვინები ებოძებათ.

განთავისუფლების დღეს სული წმიდის მიერ აღბეჭდილები, რომელთაც მისგან მიღებული მადლი მოყვასის სამსახურისათვის გამოიყენეს, გაიგონებენ: „კეთილო მონაო, სახიერო და სარწმუნოო, მცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ" (მათე 25,21), ხოლო ვინც მინიჭებული წყალობა მოძმეთ არ გაუნაწილა და ამ გზით არ გაამრავლა, მას ისიც წაერთმევა, რაც მიიღო და სხვას მიეცემა. როგორც მოციქული ამბობს, ამგვარნი სრულიად განიკვეთებიან (ლუკა 12,46). განკვეთა - სული წმიდისაგან ადამიანის საბოლოო გაუცხოებას გულისხმობს. სული განიკვეთება, რადგან შეითვისა ცოდვილი სიბრძნე და სხეულს თანამოზიარედ ექმნა ბოროტების ჩადენისას. იმიტომაც არ არის „სიკუდილსა შინა მოხსენიება და ჯოჯოხეთსა შინა აღიარება" (ფსალ. 6,5), რომ განკვეთილ სულებს აღარ ექნებათ შემწეობა სული წმიდისაგან. ყოველი ჭეშმარიტი ქრისტიანი უნდა ცდილობდე, მიბაძოს ქრისტეს თავისი ცხოვრებით, რათა დაიმსახუროს ღვთის წყალობა, რადგან როგორც გრიგოლ ღვთისმეტყველი გვასწავლის: „მადლი ეძლევა არა იმას, ვინც ლაპარაკობს, არამედ იმას, ვინც სიკეთით ცხოვრობს" (23, 24).

გვანცა კოპლატაძე
გაზეთი „მადლი" №1-1990 წ.

კატეგორია: სულიერი სწავლებანი | ნანახია: 689 | დაამატა: თორნიკე | ტეგები: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0









© 2016 WWW.WAMI.UCOZ.COM |
საიტი შექმნილია uCoz სისტემაში

shegivwyalen upalo agsdga qriste mociqulta tavno აღავსე ილია მეორე - მამაო Marradi - წმ -- Dreams აღმაშენებელის - This big Giovanni Marradi - This little big Little love Giovanni - Amor amor Maradi ლოცვა - Melanxolia - წმ ილია ტროპარი - წმ ნინოს Richard დღეს Nostalgia Clayderman - Time Goodbye Richard Clayderman - Time To Say Go SaY To - Passion - ღვთისმშობელო RICHARD CLAYDERMAN - Passion for time us ილია მეორე - კურთხეულ - A golden Golden_melody-A_time_for_us melody - მოციქულთა - გვირგვინი წმიდა - სიყვარულისათვის ასური !!! წმინდა ბარბარეს ბარბარობას gilocavT natligebas - აღსარება ანტონ პატრიარქის ? ratom aris mamakacis qali არის (შუშანია) ალექსი ახალ არასწორი არასწორი ხალხური გამოთქმები და წარმ ბარბარე დიდმოწამე განმარტება - ალილუია - ამინ - კოსმეტიკა ბერი პაისი - კოსმეტიკა ლაქაა ღვთის - საკუთარი ბრიანჩანინოვი ბერი პაისი - ბავშვებს ათონელი - ანტიფონი შესახებ - საქართველოს გაბრიელი ბაბილონი (შესაძლებელია თუ არა ქვიშით ნათლობა ადამიანების აღსარება 23 23 ივნისი ცხოვრება 17 17 წლის ბერი ანდრიას ცხოვრება ანდრიას გილოცავთ